ოკუპირებული აფხაზეთი

პუტინმა და ხაჯიმბამ ინტეგრაციის გაძლიერება და „საერთო თავდაცვა“ განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერ რაულ ხაჯიმბას შეხვდა. პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, საუბარი შეეხო წლის ბოლომდე მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, „რომლის მიზანი ორ სუვერენულ ქვეყანას შორის ინტეგრაციის დონის ხარისხობრივი ამაღლება გახდება“. პესკოვის თქმით, „დოკუმენტის პროექტი ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექნას“.

„თავდაცვის ერთიანი გარე კონტურის შექმნა შესაძლებელს გახდის რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გახსნას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შემდგომ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას“, - განაცხადა პრესმდივანმა.

„ვიცი, რომ თქვენ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაფართოების მომხრე ბრძანდებით“, - განაცხადა, სააგენტო რია ნოვოსტის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას. მისი თქმით, „ეს ეხება როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართალდაცვით საქმიანობის საკითხებს, ასევე ეკონომიკას და სოციალურ სფეროს“. რაულ ხაჯიმბამ ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამხედრო, სასაზღვრო და სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში მას “საკუთარი წინადადებები აქვს“ და მზადყოფნა გამოთქვა, ამ საკითხზე რუსეთთან დიალოგი გააგრძელოს.

კომენტარები