NDI-ის კვლევა

ნარმანია: მე და ჩემს გუნდს NDI-ის კვლევის მეთოდოლოგია გვაინტერესებს

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს უთხრა, მას და მის გუნდს კვლევის მეთოდოლოგია აინტერესებს.

"NDI-ის კვლევის დეტალური ნახვის საშუალება ხვალ მეძლევა, ამიტომ ამის შემდეგ შემეძლება უფრო კონკრეტული განმარტების გაკეთება. ის, რომ ჩემი რეიტინგი გაზრდილია, კარგი და მისასალმებელია, მაგრამ მე პირადად და საერთოდ ჩვენს გუნდს მეთოდოლოგია გვაინტერესებს - ამაზე კითხვები მექნება", - განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ სამუშაო ძალიან ბევრია, სჯობს, ყველამ საქმე აკეთოს და თავი სწორედ ამით გამოიჩინოს. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 3 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედითაც, ნარმანია კვლევაში მონაწილეთა 45%-ს მოსწონს. ეს აპრილთან შედარებით, 4%-იანი ზრდაა. ამასთან, წინა კვლევასთან შედარებით, შემცირებულია მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა წევრის საქმიანობის დადებითად შემფასებელთა რიცხვი. ასევე, 10-10%-ით შემცირდა პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილის მანანა კობახიძის მოწონების რეიტინგი. წინა კვლევის მსგავსად, ახლაც, ყველაზე მეტად მინისტრებს შორის, თავდაცვის მინისტრი ირაკლია ალასანია მოსწონთ.

გარდა ამისა, იკლო იმ გამოკითხულთა რაოდენობამ, ვისაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს, ხოლო იმატა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მომწონებელ გამოკითხულთა რიცხვმა. ამასთან, 3%-ით იკლო იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომელიც ქართული ოცნების საქმიანობას დადებითად აფასებს. ხოლო კოალიცია ქართულ ოცნებას საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარ პარტიად გამოკითხულთა 42% ასახელებს, რაც აპრილთან შედარებით არ შეცვლილა, ხოლო ნოემბერთან შედარებით, 19%-ით არის შემცირებული.

კომენტარები