ომი უკრაინაში

ლიტვის საგარეო უწყება: რუსეთის ქმედებები ღიად ლახავს უკრაინის სუვერენიტეტს

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების აშკარა შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე. ლიტვის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებების მძიმე დარღვევა.

"რუსეთის ქმედებები ღიად ლახავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის უსაფრთხოებას მთელ რეგიონში.
ლიტვა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები და გაიტანოს იარაღი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან და ასევე შეწყვიტოს სეპარატისტების ყველა სახის დახმარება აღმოსავლეთ უკრაინაში. ეჭვგარეშეა, რომ შეიარაღებისა და სამხედრო ჯგუფების მიმდინარე და მზარდი ნაკადები რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე, მიიღებს ადეკვატურ პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ინსტიტუტების მხრიდან. ლიტვა მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ ეს საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს", - ნათქვამია ლიტვის საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები შეიჭრნენ. კიევი დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, პეტრო პოროშენკომ თურქეთში ვიზიტი გააუქმა.

კომენტარები