ომი უკრაინაში

უკრაინაში რეგულარული რუსული ნაწილები შეიჭრნენ

უკრაინაში შეჭრილმა რეგულარულმა რუსულმა ნაწილებმა საზღვრისპირა ქალაქი ნოვოაზოვსკი დაიკავეს. უკრაინის უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ქალაქის მიდამოები ჯერ არტილერიით დაიბომბა, შემდეგ კი რუსეთის როსტოვის ოლქიდან შემოჭრილი რუსული ჯავშანტექნიკის ორი კოლონა ქალაქისკენ დაიძრა.

მძიმე შეიარაღების არქონის გამო უკრაინელმა სამხედროებმა მათ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და უკან დაიხიეს. ამჟამად უკრაინელი სამხედროები ქალაქ მარიუპოლის მისადგომებს ამაგრებენ, ქალაქში უკრაინული ჯარის მძიმე ტექნიკა შევიდა.

რუსეთიდან შეჭრილი ძალების სხვა ნაწილებმა სტარობეშევო და ამვროსიევკა დაიკავეს, რის შედეგადაც დონეცკის სამხრეთით განლაგებული უკრაინული სამხედრო ნაწილები ალყაში აღმოჩნდნენ.

ქვეყანაში რუსული ძალების შეჭრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ამის შემდეგ პოროშენკომ თურქეთში ვიზიტი გაუქმა, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვედროდა და უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. 

უკრაინაში შეჭრილი რუსული ძალების რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. რუსეთის ჯარისკაცთა დედების კომიტეტი აცხადებს, რომ უკრაინაში 15 ათასი რუსი ჯარისკაცია. ამავე დროს NATO-ს შტაბ ბინაში ამბობენ, რომ შეჭრილ რუს სამხედროთა რაოდენობა ათასს შეადგენს. სეპარატისტები კი აცხადებენ, რომ მათთან ერთად მებრძოლი რუსი სამხედროები შვებულებაში იმყოფებიან. 

კომენტარები