ომი უკრაინაში

წიკლაური: საქართველოს სამარცხვინო მთავრობამ პრაქტიკულად დაიჭირა რუსეთის მხარე

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, "საქართველოს სამარცხვინო მთავრობამ პუტინის მარიონეტი ბიძინა ივანიშვლის ხელმძღვანელობით, არცერთხელ არ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, პრაქტიკულად დაიჭირა რუსეთის მხარე და ჰუმანიტარული დახმარებაც კი არ აღმოუჩინა მოძმე ხალხს". როგორც წიკლაურმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და გამოთქვამს რწმენას, რომ "აგრესორი პუტინი დაამთავრებს ძალიან ცუდად და მასთან ერთად, კოლაბორაციონისტი ივანიშვილიც აუცილებლად მიიღებს ქართველი ხალხის პასუხს". წიკლაური გალაკტიონის ხიდის უკრაინის დროშის ფერებში შეღებვის გამო თავისუფალი ზონის წევრების დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ქართველმა პატრიოტებმა თავისუფალი ზონიდან სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშის ფერებით თბილისის ერთ-ერთ ხიდზე შეღებეს საბჭოთა სიმბოლოები, რასაც მოჰყვა მათი დაკავება პატრულის ოცამდე ეკიპაჟის მიერ. ჩატარდა პრაქტიკულად სამხედრო ოპერაცია, რამდენიმე უვნებელი ადამიანის დასაკავებლად".

ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ "უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში ყოველთვის უჭერდა მხარს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას". მისი თქმით, "უკრაინელები 1993 წელს მონაწილეობდნენ აფხაზეთისთვის ბრძოლებში საქართველოს მხარეს და ჰყავდათ მსხვერპლი ჩვენი მხარდაჭერისთვის". წიკლაურმა ასევე გაიხსენა, რომ "2008 წელს უკრაინის პრეზიდენტი პირადად იცავდა თბილისს ინტერვენციის დროს, ხოლო 1993 წელს უკრაინის საჰაერო ფლოტმა გადაარჩინა ასეულობით ქართველი ჭუბერის უღელტეხილზე სიკვდილისგან".

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, შსს-მ დააკავა დათო გოგოხია, ვანო მაღალაშვილი, ალექსანდრე იაკობიძე, რუსუდან მჭედლიძე და ცოტნე ხარაზიშვილი. მისი ინფორმაციით, დეპუტატები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბებიან და არ მისცემენ მთავრობას შესაძლებლობას, "ასე დააკავოს ქართველი პატრიოტები და პატრიოტული გრძნობების გამოხატვისთვის გამოკეტოს ციხეში".

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები შეიჭრნენ. კიევი დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, პეტრო პოროშენკომ თურქეთში ვიზიტი გააუქმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოს მთავრობის მხრიდან. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განცხადება რუმინეთში, რუმინეთის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მაია ფანჯიკიძე საკუთარ განცხადებაში არ ახსენებს რუსეთსა და მის როლს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი კი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ის მიიჩნევს, რომ გადაუდებლად უნდა მოხდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა.

დღესვე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. რუსეთი არც მარგველაშვილს უხსენებია, თუმცა აღნიშნა, რომ დაუშვებელია, სახელმწიფოთა საზღვრები იცვლებოდეს გარე ძალების უხეში ჩარევისა და სამხედრო აგრესიის გზით.

კომენტარები