ომი უკრაინაში

სააკაშვილი: ყველაზე საშიში დაავადებაა რუსული იმპერიალიზმი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა დაიწყო უკრაინაში შეჭრის ბევრად უფრო საშიში და ფართომასშტაბიანი ახალი ეტაპი. მისი თქმით, "ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, კრიტიკული, გადამწყვეტი ეტაპია არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის". სააკაშვილის შეფასებით, "ეს არის ის ეტაპი, როდესაც წყდება უკრაინის, საქართველოს, მთელი რეგიონის, მომავალი ევროპის ბედი და მსოფლიო წესრიგის მომავალი".

როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, "თითოეული ჩვენგანისთვის დადგა არჩევანის და პოზიციის დაფიქსირების დრო". მიხეილ სააკაშვილის თქმით, "თუ ვინმეს ჰგონია, მათ შორის ჩემს ქვეყანაში და მის ხელისუფლებაში, რომ რუსეთის განეიტრალება შეიძლება პირფერობით, პირმოთნეობით, ვირეშმაკობით, უპრინციპობით და უბრალოდ, დაწოლით, მას საერთოდ ვერაფერი უსწავლია ვერც 90-იანი წლების საქართველოს გამოცდილებისგან, ვერც ბოლო წლების საქართველოს მოვლენებისგან და საერთოდ ვერ გაუგია, ვინ არის პუტინი და მისი რუსული იმპერია".

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახლა, როგორც არასდროს, თითოეული ქართველი უნდა დადგეს ერთად, რადგან მსოფლიოში ყველაზე უკეთ ქართველებს ესმით თუ რას განიცდის დღესუკრაინა.

"დღეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციას დაიკავებს მთავრობა, (მთავრობები მიდიან და მოდიან), თითოეული ქართველი პატრიოტი უნდა გახდეს უკრაინელი პატრიოტი. თითოეული ქართველი დიპლომატი უნდა წარმოადგენდეს უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს. ბოლო დღეებში ვნახე ბევრი ჩემი მეგობარი, რომელიც გამოხატავდა სოლიდარობას ერთ-ერთი საშიში დაავადების მსხვერპლთა დასახმარებლად, თავზე წყლის გადასხმის აქციებით. მესმის, რომ ყველა დაავადებას უნდა მკურნალობა, მაგრამ ყველაზე საშიში დაავადებაა რუსული იმპერიალიზმი. როგორც ვიპოვეთ ფორმა ასეთი დაავადების წინააღმდეგ სოლიდარობის, ასჯერ და ათასჯერ მეტად უნდა ვიპოვოთ ფორმა რუსული იმპერიალიაზმის დაავადების წინააღმდეგ ჩვენი საერთო სოლიდარობის და პოზიციის დაფიქსირების. ყველამ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, როგორ უნდა დავდგეთ ამ მებრძოლი ერის გვერდით, რადგან ეს არის ჩვენი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც ის საღსალამათი და გამარჯვებული ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოვა. მისი მარცხი, ეს არა მხოლოდ უკრაინის გამარჯვება იქნება, ეს პირველ რიგში იქნება საქართველოს გამარჯვება! ეს იქნება ჩვენი მიტაცებული მიწების დაბრუნება! ეს იქნება ჩვენი ხალხის მომავალი! ჩვენი ევროპული არჩევანის შეუქცევადობა! ეს იქნება ჩვენი შვილების დაცულობა! ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოდ ეს და ერთად დავდგეთ მშვიდობის, სამართლიანობის და ჩვენი მომავლის მხარეს!", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები