ომი უკრაინაში

გიორგი ვაშაძე კოლეგებს უკრაინაზე ერთობლივი განცხადების შემუშავებას სთხოვს

BPN.GE

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე კოლეგებს უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების შემუშავებას სთხოვს. ვაშაძის აზრით, განცხადებასთან ერთად, ქართულმა მხარემ უკრაინის მხარდაჭერის კონკრეტული სამოქმედო გეგმაც უნდა მიიღოს.

"ევროპის შუაგულში კვლავ გრძელდება ბრძოლა თავისუფლებისთვის. უკრაინელმა ხალხმა საკუთარი სისხლის ფასად დაამარცხა იანუკოვიჩის რეჟიმი, ამით კი გამოხატა ნება, იყოს ევროპის თავისუფალი თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. ისტორია მეორდება - ამ არჩევანისთვის უკრაინა ისევე ისჯება, როგორც საქართველო 2008 წელს. ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, პუტინის რეჟიმმა შეაიარაღა ტერორისტები, რომლებმაც დაიწყეს სამხედრო აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში, ხოლო გუშინ ღამით რუსეთმა დაიწყო პირდაპირი და ღია სამხედრო ინტერვენცია რეგულარული შენაერთების გამოყენებით... თხოვნით მივმართავ ჩემს კოლეგებს, ერთობლივად შევიმუშავოთ განცხადება და მხარდაჭერის კონკრეტული სამოქმედო გეგმა", - აცხადებს ვაშაძე და აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინაში ერთმანეთს უპირისპირდება ტოტალიტარული და დემოკრატიული სამყარო.

"შესაბამისად, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში საქართველოს და თითოეული ჩვენგანის პოზიცია უნდა იყოს მკაფიო. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, გვერდით დავუდგეთ უკრაინელ ხალხს, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები აგრესიის შესაჩერებლად, რადგან ეს ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა", - მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი.

კომენტარები