ომი უკრაინაში

ობამა: უკრაინაში ძალადობაზე პასუხისმგებელი რუსეთია

Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსეთი განზრახ და განგრძობითად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.  ამის შესახებ პრეზიდენტმა თეთრ სახლში ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„უკრაინაში ძალადობაზე პასუხისმგებელი რუსეთია“– თქვა ობამამ და აღნიშნა, რომ მის შეფასებას იზიარებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც, რომელსაც ტელეფონზე ესაუბრა. „ძალადობა რუსეთის მიერაა წახალისებული, სეპარატისტებს ისინი წვრთნიან, აფინანსებენ და აიარაღებენ“– ამბობს აშშ–ს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე შეჭრა უკრაინაში რუსეთს უფრო ძვირი დაუჯდება. მისი თქმით, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკვე მუშაობს და ის ახლა უფრო იზოლირებულია, ვიდრე ოდესმე ცივი ომის შემდგომ, მისი ეკონომიკა კი მცირდება. თუმცა, მისი თქმით, სამომავლოდ ახალი ზომების მიღებაც იგეგმება.

ობამას თქმით, უკრაინის კრიზისს სამხედრო მოქმედებებით არ უპასუხებენ და არაა მოსალოდნელი რუსეთსა და აშშ–ს შორის სამხედრო კონფრონტაცია ამ რეგიონში. ობამას განცხადებით, რუსეთის მოქმედებებმა თავად რუსეთი დაასუსტა, რაც ახლა, შესაძლოა, აშკარა არაა, მაგრამ მომავალში გახდება.

აშშ–ის პრეზიდენტმა ასევე ახსენა უელსის სამიტი და თქვა, რომ ნატოს მოკავშირეების დაცვას უზრუნველყოფენ. მომავალ თვეში კი ობამას თქმით, ის თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიიღებს

ობამამ აღნიშნა, რომ უკრაინა არაა ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ მასთან ახლოს მყოფი ქვეყნები არიან ორგანიზაციის წევრები. ობამამ მეხუთე მუხლი გაიხსენა და განაცხადა, რომ დაიცავენ ნატოს როგორც დიდ, ასევე ყველაზე პატარა წევრებს.

კომენტარები