დავით ბაქრაძის საქმე

დავით ბაქრაძე პროკურატურაში დაიბარეს

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე 2 საათზე პროკურატურაში მოწმის სტატუსითაა დაბარებული.

პროკურატურამ 20 აგვისტოს თქვა, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის ანგარიშზე HSBC ბანკში არსებული თანხის წარმომავლობას შეისწავლიდა. მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანას და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. ბაქრაძე პროკურატურაში სწორედ ამ საქმეზეა დაბარებული.

დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ HSBC ბანკის ანგარიშზე მისი სიმამრის საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებულ თანხას ინახავდა. მან ხელისუფლება დაადანაშაულა თვალთვალში, მისი წერილის უკანონო გახსნასა და გავრცელებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, პირის ბანკთან მიმოწერა პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს, რისი უკანონოდ მოპოვება და გამოყენებაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი). მათი თქმით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, თუ რა გზით იქნა ეს ინფორმაცია მოპოვებული.

 

კომენტარები