ომი უკრაინაში

პრემიერი: ჩვენის მხრივ, რაც შეგვიძლია, ვეხმარებით უკრაინას

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ და ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს". მისი თქმით, "რა თქმა უნდა, ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში,  ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია". პრემიერის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„ჩვენის მხრივ, რაც შეგვიძლია ვეხმარებით უკრაინას, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ სხვა. რამდენიმე დღის წინ გავაგზავნე ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა და შემდეგ გადავწყვეტთ, რა სახის დახმარების საშუალება გვექნება - იქნება ეს მედიკამენტებით დახმარება, დაჭრილი მოქალაქეების გადმოყვანა საქართველოში, მათი მკურნალობა-რეაბილიტაცია თუ სხვა“, - განაცხადა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მოუწოდა დემოკრატიულ სახელმწიფოებს, "მიიღონ ქმედითი ზომები უკრაინის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად! გადაუდებლად უნდა მოხდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა და დაერქვას ყველას და ყველაფერს თავისი სახელი". ამასთან დაკავშირებით, ტაბულა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებს თუ არა საქართველო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. უწყებაში განმარტეს, რომ საქართველო უკრაინისთვის მხოლოდ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას განიხილავს. 

ამასთან, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს ხელისუფლებას 10 აგვისტოს მიმართა და უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებიდან, განსაკუთრებით დონეცკიდან და ლუგანსკიდან ევაკუირებული ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა სთხოვა. აღნიშნულ ინიციატივაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ თქვა, რომ "ამაში გულწრფელობა კი არ არის, არამედ წმინდა პოლიტიკური ხასიათის კონტექსტია". მთავრობის მხრიდან ენმ-ის მოწოდებას გამოხმაურება არ მოჰყოლია.

კომენტარები