NATO-ს სამიტი

პრეზიდენტის მრჩეველი: უელსის სამიტზე საქართველო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, "უელსის სამიტზე საქართველო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი". მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი სამიტის ფარგლებში NATO-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენსა და ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებსაც შეხვდება.

"ჩვენი ამოცანაა, უელსის სამიტის შემდეგ გაიზარდოს საქართველოს დაცულობის ხარისხი, ეს სამიტი უნდა გახდეს უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი, სადაც არა მხოლოდ საქართველოს მიღწევები აისახება, არამედ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მიეცემა ბიძგი. ქვეყნის მთავარი ამოცანა ალიანსში გაწევრიანებაა, უნდა მოვნახოთ ყველა მექანიზმი, რომლებიც ამ პროცესს დააჩქარებს", - განაცხადა ფხალაძემ და აღნიშნა, რომ "საჭიროა საქართველოს მეტი ჩაბმულობა NATO-ში და NATO-ს მაქსიმალური ჩაბმულობა საქართველოში“.

თენგიზ ფხალაძის თქმითვე, უელსში საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს თავდაცვის  მინისტრები იქნებიან, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს ელჩები NATO-სა და დიდ ბრიტანეთში.

პრესკონფერენციაზე თენგიზ ფხალაძემ საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრებზეც ისაუბრა, რომლებიც ლონდონში სამიტის დაწყებამდე გაიმართება.

"3 სექტემბერს  გიორგი მარგველაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების პრეზიდენტს შეხვდება, ასევე ქვეყნის პირველი პირი სიტყვით გამოვა საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში. გიორგი მარგველაშვილი ინგლისში ვიზიტისას საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხებს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები