ომი უკრაინაში

კალაძე: არ უნდა ჩავერთოთ დიდი ქვეყნების პოლიტიკაში, რადგან გალახულები გამოვალთ

საქართველოს ვიცეპრემიერის კახა კალაძის განცხადებით, "საქართველო არანაირი სამხედრო ტექნიკით ბრძოლაში ჩართვას არ აპირებს". კალაძე უკრაინაში რუსული შეიარაღებული ძალების შეჭრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს დიდი ქვეყნების პოლიტიკაში, რადგან "გალახულები ისევ გამოვდივართ ჩვენ".

"ჩვენი მეგობარი ევროპელი ქვეყნები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად რუსეთთან არ წავიდნენ ღია დაპირისპირებაზე. თუნდაც ბოლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე უკრაინას ევრაზიულ კავშირშიც შეუძლია გაწევრიანება. ამიტომ, ჩვენ, მთავრობა, საქართველო არ უნდა ვიქნეთ გამოყენებული კონკრეტული დიდი ქვეყნების რაღაც პოლიტიკაში, რადგან ამ ვითარებიდან ისევ გალახულები გამოვდივართ ჩვენ", - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ "თუ უკრაინა გადაწყვეტს, რომ ახლა ევრაზიულ კავშირს უნდა შეუერთდეს, ევროკავშირი ამაზე დიდ კონფლიქტს არ შექმნის, მაგრამ მოითხოვს, რომ ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი იყოს".

ვიცეპრემიერ კახა კალაძის თქმითვე, "ჩვენ ვაკვირდებით შეშფოთებით იქ განვითარებულ მოვლენებს და ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი უნდა გააკეთოს, რათა ქვეყანაში დამყარდეს მშვიდობა, სტაბილური გახდეს მდგომარეობა". კალაძის განცხადებითვე, "ჩვენი მხრიდან, როგორც ქვეყანა, მთავრობა, საქართველო, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, ჩვენს წვლილს შევიტანთ იმისთვის, რომ ის მოვლენები რომელიც დიდ ხანია ვითარდება, დასტაბილურდეს და მშვიდობა იყოს უკრაინაში".

კომენტარები