დავით ბაქრაძის საქმე

ბაქრაძე: ვფიქრობ, რომ კანონის წინაშე მართალი ვარ

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "ვფიქრობ, რომ კანონის წინაშე მართალი ვარ". ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურაში გამოცხადებაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატის იმუნიტეტი საგამოძიებო უწყებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს და მის მეუღლეს მთავარ პროკურატურაში შეკითხვები დეკლარაციაში თანხების არასწორად ასახვის საქმეზე დაუსვეს. დაკითხვაზე შესვლამდე ბაქრაძემ განაცხადა, რომ დაახლოებით 276 ათასი გირვანქა სტერლინგი, რომელიც მან კონკრეტულ ანგარიშზე განათავსა, მისი მეუღლის მშობლებს ეკუთვნის, შესაბამისად, აღნიშნული თანხის დეკლარირების საჭიროება არ არსებობოდა. 

დავით ბაქრაძის ქონებრივი დეკლარაციაში არსებული შესაძლო დარღვევის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, ინფორმაცია მისი პირადი საფოსტო გზავნილების გახსნის შემდეგ გასაჯაროვდა. ბაქრაძე აღნიშნული საკითხის გამოძიებას ითხოვს.

"მოვითხოვ იმას, რომ გამოძიებული იქნეს, ვინ ხსნის საქართველოში ფოსტით მოსულ პირად წერილებს, როგორ ხვდება პირადი ინფორმაცია ვებსივრცეში, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა და მოვითხოვოთ, რომ ბოლოსდაბოლოს, ვინმე დაისაჯოს" - თქვა ბაქრაძემ.

ბაქრაძის საგამოძიებო უწყებაში დაკთხვასთან დაკავშირებით შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარესაც დაუსვეს. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მას ბაქრაძე პარლამენტში ჰყავს დაბარებული.

პროკურატურის მიერ 20 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით, უწყება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის ანგარიშზე HSBC ბანკში არსებული თანხის წარმომავლობას შეისწავლიდა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანას და უკანონო ან დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.

კომენტარები