ომი უკრაინაში

მაკკეინი: უკრაინის კრიზისი დიდწილად აშშ-ის მინიმალისტური პოლიტიკის ბრალია

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ რეალური, დარგობრივი სანქციები უნდა მიიღოს - ნათქვამია სენატორების ჯონ მაკკეინისა და ლინდსი გრეემის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი მიძღვნილ სპეციალურ განცხადებაში.

”რუსეთის აგრესიას უკრაინაში მხოლოდ ერთი სახელი შეიძლება დაერქვას: საზღვარზე სამხედრო შემოჭრა. ამ ყველაფრისთვის სხვა სახელის წოდება პრეზიდენტ პუტინის ორუელისეულ სამყაროში დასახლებას ნიშნავს.

თვეებია კრიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებით და დამატებითი დახმარებით უზრუნველყოფა რუსეთის პროვოცირებასა და მის შემოჭრას გამოიწვევს. ჩვენ რომ უფრო მეტად დავხმარებოდით უკრაინას, ყველაფერი რასაც კრიტიკოსები ამბობდნენ მოხდებოდა, რაც ისედაც, დახმარების გარეშე მაინც მოხდა. სისულელეა იმის დაჯერება, რომ ახლა იგივე უნდა გავაკეთოთ ან კიდევ უფრო ნაკლები უკრაინის დასახმარებლად. დიდწილად სწორედ ასეთი მინიმალისტური პოლიტიკის ბრალია ახლანდელი პრობლემები. აშშ-მა და ევროპაში მისმა მოკავშირეებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ უკრაინის თავდაცვითი იარაღით, მათ შორის ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებით მომარაგება და თავიანთი დაზვერვა ჩართონ საქმეში.

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ რეალური, დარგობრივი სანქციები უნდა მიიღოს. სრული სანქციები რომელიც რუსეთის თავდაცვას, ფინანსებს, ენერგოსექტორსა და სხვა დარგებს შეეხება.

ახლა დგას მომენტი როდესაც ღიად უნდა ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ. ევროპის გულში, დამოუკიდებელ სახელმწიფოში დიდი მეზობელი ქვეყანაა შეჭრილი. ეს ცივილიზებული სამყაროს საწინააღმდეგო მოქმედებაა, იმ სამყაროსი რომლსაც აშშ და მისი პარტნიორები მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული აშენებენ. თუ ჩვენ  ახლა არ შეგვიძია საკუთარი ღირებულებების დაცვა, ისევე როგორც იმ მეგობრების დაცვა, ვინც ამას იზიარებს, მაშინ მომავალი ბნელი და ძალიან სახიფათო იქნება, არამარტო უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვისაც” -  ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები