უკრაინის კრიზისი

ბოკერია ხელისუფლებაზე: მათ არ ესმით, რა ბრძოლა მიმდინარეობს უკრაინაში

ღრმა არაკომპეტენტურობა უწოდა ნაციონალური მოძრაობის მდივანმა საერთაშორისო საკითხებში გიგა ბოკერიამ მთავრობის წევრების განცხადებებს უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ.

„ვთვლი, რომ ბატონი კალაძის სიტყვები (კახი კალაძის განცხადებთ, საქართველო დიდი ქვეყნების პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს, წინაამდეგ შემთხვევაში „გალახული“ დარჩება)  მაინც ყველაზე უფრო „გულწრფელია“, ანუ ყველაზე ახლოს არის იმ მსოფლმხედველობასთან, რომელიც უკიდურესად საზიანოა და მავნებლურია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. ამ ხალხს საერთოდ არ ესმის, რა ბრძოლა მიმდინარეობს უკრაინაში, რა ხდებოდა საქათველოში და რა ხდება დღეს, რას ვუპირისპირდებით და რა გვინდა“, - განაცხადა ბოკერიამ ტელეკომპანია რუსთავი-2-ს ეთერში.  

მისი თქმით, „ეს კონცეფცია ძირითადად პუტინის მომხრეებს აქვთ, რომ ეს დიდი ბიჭების თამაშია და არავინ არ უნდა ჩავერიოთ. ამას იმეორებენ სიტყვასიტყვით  და ვერ ხვდებიან, რომ უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის მათ ისევე უნდათ თავისუფლება, როგოც ჩვენ“.

რაც შეხება პრეზიდენტის , პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს, ბოკერიას თქმით, „ამ ხალხს აქვს კონცეფცია, რომ პუტინს და რუსეთს არ უნდა დაესხან თავს და ატყუებენ ხალხს, თითქოს ეს რაღაც ტაქტიკაა და საქართველოს ინტერესები ასე უფრო იქნება დაცული“.

მაგრამ, მისი თქმით, „ეს სისულელეა, რადგან რუსეთის ამოცანები საქართველოს და სხვა მეზობლებს მიმართ არ განისაზღვრება იმით, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი რას იტყვიან“.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ყველა საერთაშორისო  ტრიბუნაზე ხაზგასმით ახდენდა დისტანცირებას უკრაინისგან  და ამბობდა, რომ საქართველოს ამ პრობლემასთან არაფერი საერთო არ აქვს.  იმ დროს, როდესაც „ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია, რომ ამ დაპირისპირებაში მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენ აგღვიქვამდეს ამ ბრძოლის ნაწილად, უკრაინასთან ერთად“.

 ბოკერიას აზრით, საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა გარანტირებული სულაც არ აქვს.

„სამწუხაროდ, უკრაინისგან განსხვავებით, ევროპის ცენტრიდან ვართ უფრო შორს, უფრო მცირე ქვეყანა ვართ და პოტენციურად უფრო დიდი საფრთხეებიც გვაქვს. და ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ ბრძოლაში არ გავერევით და გამოვძვრებით, არის უკეთეს შემთხვევაში პოლიტიკურად ბრიყვი“,  - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის მდივანმა.

მისი თქმით, ქართული ოცნების დეკლარირებული სურვილი, რომ საქართველო აღარ იყოს დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ფაქტორი, სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაა.

„რამდენია აქ დოზა სიბრიყვის, რამდენი პუტინთან და იანუკოვიჩთან საერთო მსოფლმხედველობის და რამდენი ღალატის, ამას მნიშვნელობა არ აქვს, შედეგი არის ქვეყნისთვის დამანგრეველი“,  - განაცხადა გიგა ბოკერიამ.   

კომენტარები