რელიგია

მუსლიმურმა გაერთიანებებმა ექსტრემიზმის წინააღმდეგ დელკარაცია გააფორმეს

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ინიციატივით საქართველოში არსებულმა მუსლიმურმა გაერთიანებებმა და ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს „რელიგიის სახელით მოქმედი ექსტრემიზმისა და ძალადობის პასუხად საქართველოში მუსლიმი რელიგიური ორგანიზაციების მშვიდობიანი გაერთიანების დეკლარაციას".

დეკლარაციაზე ხელმომწერი 16 რელიგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ რელიგიურ შეხედულებებში განსხვავებების მიუხედავად, საქართველოში მცხოვრები მუსლიმური რელიგიური ჯგუფები არ დაუშვებენ ურთიერთდაპირისპირებასა და ძალადობას ისლამის სახელით.

ღონისძებას რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ასევე რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდნენ.

დეკლარაციის შინაარსს ეთანხმება და იზიარებს, თუმცა ხელმოწერაზე მიწვეული არ ყოფილა ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე. როგორც ნაკაიძე ტაბულასთან საუბარში აცხადებს, მისი ორგანიზაცია ნებისმიერი სახის ძალადობას და ექსტრემიზმს ემიჯნება. მისივე თქმით, დეკლარაციაზე ხელმოწერის ორგანიზატორი, ქართველ მუსლიმთა სამმართველო არ არის კომპეტენტური ორგანო, რომელიც მუსლიმებს წარმოადგენს.

კომენტარები