საერთაშორისო ლიდერობის ფორუმი

პრემიერი: ჩემი მთავრობის პირებიც კი ეპყრობოდნენ სახელმწიფოს, როგორც საკუთრებას

პრემიერი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაუსჯელობის სინდრომი უნდა დაიძლიოს. ღარიბაშვილის თქმით, მისი მთავრობის ოფიციალური პირებიც კი, სახელმწიფოს, როგორც საკუთრებას, ისე ეპყრობოდნენ.

"ყველაზე რთული საკითხი, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ, არის სამთავრობო პირების დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა დიდი ნაწილი, ასევე ჩემი მთავრობის ოფიციალური პირებიც კი, ეპყრობოდნენ სახელმწიფოს, როგორც საკუთრებას. ისინი ფლანგავდნენ ბიუჯეტს, იყენებდნენ თანამდებობრივ ძალაუფლებას პირადი მიზნებისათვის და აბუჩად იგდებდნენ თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა შეენარჩუნებინათ ძალაუფლება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თანამდებობის პირები იქცეოდნენ ისე, თითქოს კანონი მათზე არ ვრცელდება. ეს აღარასოდეს არ უნდა გამეორდეს, დამნაშავენი კი ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის წინაშე.

ჩვენ ძალ-ღონე არ დავიშურეთ, რათა არ დაგვეშვა პოლიტიკური ზეგავლენა წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა გასამართლებაში. წარსულში თუ დღეს ჩადენილი სისხლის სამართლის ყველა საქმე გადაგზავნილია დამოუკიდებელ პროკურორთან, რომელიც განსაზღვრავს მართლმსაჯულების ადმინისტრირების შემდგომ ნაბიჯებს. დღეს ვერცერთი სამთავრობო პირი ვერ გადაწყვეტს, რომელი საქმე უნდა განიხილოს სასამართლოში და რომელი - არა. დღეს ეს მართლმსაჯულების სისტემის კომპეტენციაში შედის. დღეს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესები სამართლიანია და პასუხობს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

ჩემი ღრმა რწმენით, თუკი ჩვენ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც დაუსჯელობა აღმოიფხვრება და ვერავინ დადგება კანონზე მაღლა, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინონ დანაშაული. უფრო მეტიც, ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტების გაძლიერების პირობებში, ჩვენ ხელთ გვაქვს ინსტრუმენტები, რათა გავასამართლოთ ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევის გარეშე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები