რეგულაცია მედიკამენტების გაყიდვაზე

სერგეენკო: აფთიაქებმა არაპარტნიორული საინფორმაციო პოლიტიკა აწარმოეს

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების მეორე ჯგუფის თავისუფალი გაყიდვის შეზღუდვასთან დაკავშირებით დღეს, ორშაბათს, 1 სექტემბერს, პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ახალ რეგულაციაზე გადასვლა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიები რეგულაციის კომერციული მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულა.

"ბოლო დღეებში გაზრდილი იყო და მკვეთრად, ორი კვირის განმავლობაში, აფთიაქებში მიმართვიანობა, სადაც დიდი რიგები იყო და ეს გამოწვეული იყო იმ არაპარტნიორული საინფორმაციო პოლიტიკით, რაც აწარმოეს ზოგიერთმა აფთიაქებმა და ფარმაკომპანიებმა. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობას, ამ დილის მონაცემებით გვაქვს 37 პოლიკლინიკის მონაცემები თბილისიდან და რამდენიმე ათეული რეგიონებიდან. არსად არის განსაკუთრებით დიდი პაციენტების ნაკადი, პაციენტების რაოდენობა იგივეა, რაც იყო წინა ორშაბათსა და იმის წინა ორშაბათს. იყო ერთი-ორი შემთხვევა, როცა პაციენტი ვერ ერკვეოდა სიტუაციაში რეცეპტთან მიმართებაში, ჩვენი მონიტორები იქ იმყოფებიან სწორედ ამიტომ, რომ აუხსნან ეს ყველაფერი.

თავისუფალ გაყიდვაში არის 12 ფარმაკოლოგიური ჯგუფის წამალი, რომლის სავაჭრო დასახელებები რამდენიმე ათეულ თუ ასეულზე მეტია. ისინი რჩებიან ასევე თავისუფალ გაყიდვაში. ეს არის მაგალითად სამივე ძირითადი ჯგუფი წნევის დამწევი, ძლიერი და სწრაფი მოქმედების. ეს არის ძლიერი ალერგიული რეაქციის, ანაფილაქსიური რეაქციის სამკურნალო წამლები. ეს არის გულის უკმარისობის, კორონალური დაავადების გამწვავების, ასთმის გამწვავების, ტკივილის მართვის, საინექციო გამაყუჩებლები. ანუ ეს მედიკამენტებიც რჩება თავისუფალ გაყიდვაში", - განაცხადა სერგეენკომ.

მსგავსი შინაარსის განცხადება სერგეენკომ გუშინაც გააკეთა, მისი თქმით, "დაახლოებით ორი კვირის წინ, ზოგიერთმა აფთიაქმა აბსოლუტურად გაუმართლებლად დაიწყო მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და მოწოდება, რომ მოქალაქეებს წინასწარ შეექმნათ მარაგი და დააპანიკეს მოსახლეობა. არანაირი საჭიროება ამისი, სინამდვილეში, არ არის", - განაცხადა სერგეენკომ. 

ფარმაცევტულმა ორგანიზაციებმა მომხმარებელს შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნეს, სადაც არ იკითხება მარაგის შეძენისკენ პირდაპირი მოწოდება:

GPC - "გაცნობებთ: 1 სექტემბრიდან კანონმდებლობის შესაბამისად იზღუდება რეცეპტული მედიკამენტების აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაყიდვა! გთხოვთ გაითვალისწინოთ".

ავერსი: "გაცნობებთ, რომ 1 სექტემბრიდან, 5000-ზე მეტი მედიკამენტი აფთიაქიდან გაიცემა მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით. გთხოვთ გაითვალისწინოთ".

CityParma: "გაცნობებთ: 1 სექტემბრიდან იზღუდება რეცეპტული მედიკამენტების აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაყიდვა! დაიჭირეთ თადარიგი. ისარგებლეთ CityPharma-ს ყოველდღიური 22% ფასდაკლებით".

კომენტარები