პოლიცია

შსს: მესტიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია

metro.us

საქართველოს შს სამინისტროს ცნობით, მესტიის პოლიციის უფროსის მიერ პოლიციელის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 

"მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. იძიებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა გუშინვე დაიწყო და ღამევე მოხდა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა", - უთხრა ტაბულას შსს-ს პრესსამსახურმა. სამინისტროში არ დააკონკრეტეს, რა მუხლით აღიძრა საქმე. ასევე არ დააზუსტეს გამოკითხული პირების ვინაობა. მათ ტაბულა პროკურატურაში გადაამისამართეს, სადაც ის დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ მესტიის პოლიციის უფროსმა სამარღანიშვილმა და მისმა მოადგილემ პოლიციელს სცემეს. მესტიის პოლიციის თანამშრომელმა ზვიად ჭანტურიამ ტაბულას განუცხადა, რომ ინციდენტს პოლიციის შენობაში იგი პირადად შეესწრო. მისი თქმით, პოლიციის უფროსმა გიორგი სამარღანიშვილმა და მისმა მოადგილემ ამავე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ რომან ყორშიას სცემეს.

ჭანტურიას თქმით, „რაღაც ხმაური იყო პირველ სართულზე, რომ ჩავედი... იქ იყვნენ თანამშრომლები, უფროსი და მისი მოადგილე, ერთ-ერთ თანამშრომელს ხელი დაარტყეს, წაიქცა... ის იატაკზე იწვა და პირიდან სისხლი მოსდიოდა“.

ჭანტურია ადასტურებს, რომ პოლიციის თანამშრომელს განყოფილების უფროსი გიორგი სამარღანიშვილი და მისი მოადგილე გაუსწორდნენ.

ამის შემდეგ პოლიცია შეეცადა, მესტიის პოლიციის უფროსის მიერ ნაცემი თანამშრომლისთვის გადაადგილებაში ხელი შეეშალა, - უთხრა ტაბულას მესტიის პოლიციის თანამშრომელმა ზვიად ჭანტურიამ, რომელიც დაშავებულ პოლიციელთან ერთად მესტიიდან ზუგდიდში გაემგზავრა.

მისი თქმით, სოფელ ბეჩოსთან მათ გზა პოლიციელებმა გადაუკეტეს და მანქანიდან გადმოსვლას აიძულებდნენ. თუმცა, მათ თავის დაღწევა და გზის გაგრძელება შეძლეს.  

ზვიად ჭანტურია ტაბულასთან საუბრისას ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც მესტიის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ ამავე განყოფილების თანამშრომელს სცემეს, უფროსის მოადგილე გიორგი ჯაფარიძე მას და დაშავებულ პოლიციელს ემუქრებოდა.

კომენტარები