პოლიცია

პროკურატურა მესტიაში მომხდარს უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იძიებს

facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, მესტიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო. მუხლით გათვალისწინებულია: მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ მესტიის პოლიციის უფროსმა სამარღანიშვილმა და მისმა მოადგილემ პოლიციელს სცემეს. მესტიის პოლიციის თანამშრომელმა ზვიად ჭანტურიამ ტაბულას განუცხადა, რომ ინციდენტს პოლიციის შენობაში იგი პირადად შეესწრო. მისი თქმით, პოლიციის უფროსმა გიორგი სამარღანიშვილმა და მისმა მოადგილემ ამავე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ რომან ყორშიას სცემეს.

ჭანტურიას თქმით, „რაღაც ხმაური იყო პირველ სართულზე, რომ ჩავედი... იქ იყვნენ თანამშრომლები, უფროსი და მისი მოადგილე, ერთ-ერთ თანამშრომელს ხელი დაარტყეს, წაიქცა... ის იატაკზე იწვა და პირიდან სისხლი მოსდიოდა“.

ჭანტურია ადასტურებს, რომ პოლიციის თანამშრომელს განყოფილების უფროსი გიორგი სამარღანიშვილი და მისი მოადგილე გაუსწორდნენ.

ამის შემდეგ პოლიცია შეეცადა მესტიის პოლიციის უფროსის მიერ ნაცემი თანამშრომლისთვის გადაადგილებაში ხელი შეეშალა, - უთხრა ტაბულას მესტიის პოლიციის თანამშრომელმა ზვიად ჭანტურიამ, რომელიც დაშავებულ პოლიციელთან ერთად მესტიიდან ზუგდიდში გაემგზავრა.

მისი თქმით, სოფელ ბეჩოსთან მათ გზა პოლიციელებმა გადაუკეტეს და მანქანიდან გადმოსვლას აიძულებდნენ. თუმცა, მათ თავის დაღწევა და გზის გაგრძელება შეძლეს.  

ზვიად ჭანტურია ტაბულასთან საუბრისას ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც მესტიის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ ამავე განყოფილების თანამშრომელს სცემეს, უფროსის მოადგილე გიორგი ჯაფარიძე მას და დაშავებულ პოლიციელს ემუქრებოდა.

კომენტარები