გაერო-ს ასამბლეა

ფანჯიკიძე: გაერო-ს სამიტზე ორი დელეგაციის წასვლა უხერხულია

გაერო-ს სამიტზე ორი დელეგაციის წასვლა უხერხული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

ფანჯიკიძის თქმით, ნიუ იორკში დაგეგმილ გაერო-ს სამიტის ღონისძიებებში დელეგაციის ხელმძღვანელი იღებს მონაწილეობას, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი კი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.

"მას შემდეგ, რაც გაერო-ში ინფორმაცია გაიგზავნა, რომ პრემიერი არის დელეგაციის ხელმძღვანელი, მის სახელზე მოდის სხვადასხვა სახის მოწვევები. ჩვენ გვქონდა ძალიან ხშირი კომუნიკაცია პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძესთან. ბოლო შეხვედრა გასულ კვირას მასთან პირადად გვქონდა და ამ შეხვედრების მანძილზე ვცდილობდით განგვემარტა ის არგუმენტები, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ ორი დელეგაციის ერთდროულად გამგზავრება ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო და დააზიანებს ქვეყნის იმიჯს. გარდა ამისა, უხერხულია, რადგანაც ასეთი რამ ფაქტობრივად არასდროს არ ხდება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძე განმარტავს, რომ კლიმატის ცვლილებებზე გაერო-ს სამიტზე მარგველაშვილს სახელობითი მოწვევა ჰქონდა. ასეთი მოწვევები კი ზოგჯერ ისე იგზავნება, ცნობილი არაა ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი. თუმცა როცა დელეგაციის ხელმძღვანელი ცნობილი ხდება, ის ქვეყნის სახელით ყველა იმ ღონისძიებას ესწრება, რომელიც გენერალურის ანსამბლეის ფარგლებში ტარდება.

ფანჯიკიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით მოამზადა ვიზიტი, ეს კი ქვეყანას უხერხულ მდგომარეობაში აგდებს.

"ჩვენ შევეცადეთ, ბატონი თენგიზ ფხალაძისთვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განგვემარტა, თუ რა არგუმენტები გვქონდა იმისათვის, რომ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ორი დელეგაციის გამგზავრება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს არგუმენტები არ ყოფილა გათვალისწინებული, რადგან ითქვა, რომ პრეზიდენტის მიერ დასტური არის გაგზავნილი. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ გარდა ამ დასტურისა, არ არის მართებული საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით ვიზიტის მომზადება, რაც უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს ჩვენ, როგორც უწყებას, ზოგადად ქვეყანასაც", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მას არ ჰქონია საშუალება, რომ პირადად პრეზიდენტთან ესაუბრა ამ თემაზე და, შესაბამისად, არ იცის მისი პოზიცია. მაია ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან საუბრის საშუალება NATO-ს უელსის სამიტზე ექნება და პრეზიდენტი ამ არგუმენტებს გაითვალისწინებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს სამიტზე სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა  - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენცია გაეროს 69-ე ასამბლეის ფარგლებში იმართება, სადაც დაგეგმილია პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლა და, როგორც ზალკანიანმა აღნიშნა, აქედან გამომდინარე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კლიმატის ცვლილებების სამიტს გიორგი მარგველაშვილი დაესწრება და მისი სიტყვით გამოსვლაც დაგეგმილი იყო.

კომენტარები