სარფის საბაჟო

სარფის საბაჟოზე რამდენიმე მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთას უკრძალავენ

3.bp.blogspot.com/

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ქართველი მებაჟეები საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას Batumelebi.ge აქვეყნებს.

ერთ-ერთი ასეთი მოქალაქის განცხადებით, მისთვის არავის განუმარტავს მიზეზი, თუ რატომ შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული გადაადგილების უფლება.

"უშიშროების თანამშრომლებმა მითხრეს, რომ საეჭვო ფაქტია ის, რომ ქვეყანას თითქმის ყოველდღე ვტოვებ და იქ თურქებთან ვმუშაობ. მიხსენეს ინფორმაციის გატანა, თანამშრომლობა, სიტყვა ჯაშუშობა... თუ დამნაშავე ვარ, დამიჭირონ, ვერ ვხდები, რატომ უნდა მაფრთხილებდნენ ასე კონფიდენციალურად და მეზღუდებოდეს გადაადგილების უფლება, მაშინ როცა მეზობელ ქვეყანაში სიარულით მე ოჯახს ვარჩენ", - განაცხადა მოქალაქემ.

Batumelebi.ge-ს მიხედვით, რამდენიმე მოქალაქემ, რომელთაც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ ეძლევათ, დახმარების თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ამაზე მათ მიიღეს წერილობითი პასუხი, რომ მსგავსი შეზღუდვები მათზე არ ვრცელდება. ამ დოკუმენტის წარდგენის შემდეგ მებაჟეებმა მოქალაქეები საზღვარზე გაატარეს.

აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენლის, გიორგი ჩარკვიანის განცხადებით, მსგავსი პრობლემით მოქალაქეებმა სახალხო დამცველის აპარატისთვის მიმართვა იანვრიდან დაიწყეს.

"ადამიანებს საზღვრის დატოვებას მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო უკრძალავენ მას შემდეგ, რაც სოჭის ოლიმპიადა ჩატარდა. ამ დროისთვის დაახლოებით ათი განცხადებაა ჩვენს ოფისში შემოსული. განცხადებებში ადამიანები წერენ, რომ მათ ეზღუდებათ გადაადგილების უფლება ან დიდხანს აყოვნებენ საქართველოს საზღვარზე", - აცხადებს ჩარკვიანი.

კომენტარები