აშშ-ის სამხედრო ოპერაცია

აშშ-მა სომალიში სამხედრო ოპერაცია განახორციელა

ალ-შაბაბის მებრძოლები
Farah Abdi / csmonitor.com

ორშაბათს, 1 სექტემბერს, აშშ-ის ძალებმა სომალიში ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ორგანიზაციის, ალ-შაბაბის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია განახორციელეს. პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ ფ. კირბიმ უარი განაცხადა ოპერაციის დეტალების გასაჯაროებაზე და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ოპერაციის შედეგების განხილვა.

ერთ-ერთმა ამერიკელმა წარმომადგენელმა, რომელმაც საკითხის სენსიტიურობის გამო the new york times-თან ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, განაცხადა, რომ ოპერაცია ალ-შაბაბის წინააღმდეგ სომალელ პარტნიორებთან ერთად განხორციელდა.

სამხედროების სამიზნე ალ-შაბაბის ერთ-ერთი ლიდერი, სომალელი წარმოშობის კენიელი აჰმედ გოდეინი იყო, რომელიც იკრიმაჰის სახელითაა ცნობილი. ალ-შაბაბი ქვეყნის სამხრეთ ნაწილს აკონტროლებდა 2006-2011 წლებში და ცდილობდა რადიკალური ისლამის გავრცელებას მთელ ტერიტორიაზე. აშშ-მა ალ-შაბაბი ტერორისტულ ორგანიზაციად 2008 წელს გამოაცხადა.

აშშ სომალიში დაახლოებით 100 საგანგებო საოპერაციო ძალებს აკონტროლებს. აშშ-ის, სომალისა და აფრიკული ძალების ერთობლიობით უკანასკნელ წლებში მოხერხდა ალ-შაბაბის ურბანული ცენტრებიდან, მათ შორის, მოგადიშუდან განდევნა.

უცნობია იკრიმაჰის ბედი, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა 2013 და 2014 წლებში კენიაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებზე.

კომენტარები