მიხეილ სააკაშვილის საქმე

პროკურატურა საბერძნეთის პოლიციის მიერ ექსპრეზიდენტის შეყოვნებას ადასტურებს

პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ, 1 სექტემბერს, საბერძნეთის სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან საქართველოს მთავარ პროკურატურას მართლაც მიუვიდა შეტყობინება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საბერძნეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კუნძულ სამოსზე შესვლისა და სამართალდამცველთა მიერ მისი აყვანის შესახებ.

" სააკაშვილის პასპორტის შემოწმებისას გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მხარის მიერ შესულია თხოვნა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოში ხსენებული პირის საერთაშორისო ძებნაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით. საბერძნეთის სამართალდამცველები ითხოვდნენ დადასტურებას ნამდვილად იყო თუ არა მ.სააკაშვილი საერთაშორისო ძებნილი. საქართველოს პროკურატურამ საბერძნეთის მხარეს დაუყონებლივ მიაწოდა სრული ინფორმაცია ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამავე დროს საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოდან, მიიღო ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა შესწავლის პროცესშია და შესაბამისი პროცედურები ჯერ დასრულებული არ არის.  შესაბამისად, ბერძნულმა მხარემ იახტა რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, რამდენიმე საათიანი დაყოვნების შემდეგ თურქეთის რესპულიკის მიმართულებით გააბრუნა.", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, საქართველოს კანონმდებლობა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ვერ დაუდგენს, რა ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება. "თუ მათ მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია, ამ ინფორმაციასაც მივაწვდით და შევეცდებით დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები ძებნის გამოცხადების მიზანშეწონილობის თაობაზე. ჩვენ მიერ გაგზავნილი ყველა დოკუმენტი შეესაბამებოდა როგორც ინტერპოლის რეგულაციებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ყველა საჭირო დოკუმენტაცია მიწოდებულია", - თქვა ჩილინგარაშვილმა.

საგულისხმოა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის 2000 წლიდან მოქმედებს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ შეთანხმება. სწორედ ამ ტიპის შეთანხმების ფარგლებში საფრანგეთში დავით კეზერაშვილი დააკავეს, რომელიც იმ მომენტში  სააკაშვილის მსგავსად ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით არ იძებნებოდა. 

ინფორმაცია ექსპრეზიდენტის საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეყოვნების შესახებ საბერძნეთში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ გაავრცელა. სააკაშვილთან ერთად, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე იმყოფებოდა. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ სააკაშვილის საბერძნეთში შეჩერების ფაქტი უარყო. 

კომენტარები