რეზოლუცია უკრაინაზე

კანდელაკი: რეზოლუცია უკრაინაზე ჩამორჩება მოვლენებს და არაადეკვატურია

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა ტაბულასთან საუბარში საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ტექსტის შინაარსი შეაფასა. კანდელაკი მიიჩნევს, რომ ტექსტი მოვლენებს ჩამორჩება და არაადეკვატურია.

"ბოლო მომენტამდე ტექსტი არ გვაჩვენეს - ახლა უკვე აშკარაა რატომაც. ეს რეზოლუცია - მიუხედავად იმისა, რომ, როგორც იქნა, აღიარებს რუსეთის აგრესიას, ჩამორჩება მოვლენებს და არაადეკვატურია. პირველ რიგში იმიტომ, რომ კვლავაც არ არის დაფიქსირებული არანაირი ბმა საქართველოს და უკრაინის ოკუპაციას შორის და არ არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რათა გასწიოს მუშაობა იმისათვის, რომ რუსეთის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებში მკაფიოდ დაფიქსირდეს საქართველოს საკითხი.

მეტიც, ასევე არ არის დაგმობილი გავლენის სფეროები - რაც გია ვოლსკიმ წინა რეზოლუციის პროექტიდან წაშალა. ასევე არაფერია ნათქვამი მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთის ბრალეულობაზე. წინა სესიაზე უმრავლესობა დათანხმდა ამ საკითხზე მოლაპარაკებებს, მაგრამ შემდეგ, პარლამენტის არაფორმალური თავმჯდომარის, გია ვოლსკის ჩარევით, პროცესიდან გავიდა. ასევე არ არის დაფიქსირებული მოწოდება პრემიერის მიმართ, რომ ჩავიდეს კიევში. თითქმის ორი წელია, პრემიერმინისტრი, არც წინა და არც ეს, არ ყოფილა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის დედაქალაქში", - განაცხადა კანდელაკმა.

კომენტარები