უელსის სამიტი

რასმუსენი: უელსის სამიტი კრიტიკული სამიტია კრიტიკულ დროს

Atlantic Council

ბრიუსელში მომავლის ლიდერების სამიტის გახსნაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ უელსის სამიტი "კრიტიკული სამიტია კრიტიკულ დროს". მომავლის ლიდერების სამიტი უელსის სამიტის პარალელურად იმართება.

"მე ვიზრდებოდი 60-იანი წლების ევროპაში, როდესაც ევროპა გახლეჩილი და სახიფათო იყო და ყველაფერი ბირთვულ გაელვებას შეიძლებოდა დაესრულებინა. თქვენი გამოცდილება განსხვავებულია. თქვენ იზრდებოდით ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომ ევროპაში, სადაც გამყოფი ხაზები მოიშალა და თავისუფლება, სტაბილურობა და კეთილდღეობა ბუნებრივ მდგომარეობად იქცა.

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამომაღვიძებელი სიგნალი იყო. მან გაგვახსენა, რომ ჩვენი თავისუფლება, სტაბილურობა და კეთილდღეობა თავისთავად ვერ იარსებებს; რომ ზოგიერთი ცდილობს ახლიდან, ძალადობით და სისხლით გადახატოს ევროპაში არსებული გამყოფი ხაზები. სწორედ ამიტომ, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისთვის ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო.

NATO მტკიცედ დგას ამ გამოწვევის წინაშე. ჩვენ შევაჩერეთ თანამშრომლობა რუსეთთან. ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ უკრაინასთან, გავაძლიერეთ კოლექტიური თავდაცვა და არ დავტოვეთ ეჭვი იმის შესახებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ საკუთარი თავის დასაცავად.

თუმცა, რუსეთის აგრესიული ქმედებები არ არის ერთადერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენს დროში, ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობის კრიზისმა ერთდროულად იჩინა თავი ჩვენი პერიფერიის სხვადასხვა კუთხეში. ჩვენს საზღვრებს მიღმა არსებულმა ქაოსის კლიმატმა პირდაპირი გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენზე.

ამ მიზეზების გამო, უელსის სამიტი კრიტიკული სამიტია კრიტიკულ დროს. სწორედ ამიტომ, დღეს და ხვალ ჩვენ გამოვჭედავთ უფრო ძლიერ NATO-ს უფრო კომპლექსური და ქაოსური მსოფლიოსთვის", - თქვა რასმუსენმა.

კომენტარები