უელსის სამიტი

NATO-ს უელსის სამიტზე პირველი შეხვედრა ავღანეთის საკითხს ეძღვნება

მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ უელსში NATO-ს სამიტმა დახურულ სივრცეში გადაინაცვლა. ალიანსის ლიდერები ავღანეთის საკითხს განიხილავენ.

NATO-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ავღანეთი NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა იყო. რასმუსენის თქმით ავღანეთში უპრეცენდენტო საერთაშორისო ძალისხმევა ჩაიდო - დამარცხდა საერთაშორისო ტერორიზმი და შეიქმნა ეფექტური სამხედრო ძალები.

რასმუსენმა აღნიშნა, რომ 2014 წლის ბოლოსთვის დასრულდება ავღანეთში ISAF-ის მისია და ახლა თავად ავღანეთის შეიარაღებული ძალების ხელში იქნება მათი ქვეყნის მომავალი. რასმუსენმა დადებითად შეაფასა ავღანეთის მიღწევები ეკონომიკის, კომუნიკაციის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განვითარების საკითხში, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისთვის.

რასმუსენის თქმით, ავღანეთს ჯერ კიდევ სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, ამიტომაც შეიქმნება ახალი მისია გარდამავალ პერიოდში ავღანეთის შეიარაღებული ძალების გაწვრთნისა და დახმარების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ თანხმობა განაცხადა ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მიიღოს გარდამავალ პერიოდში ავღანური სამხედროების გაწვრთნის პროცესში.

რასმუსენმა სოციალური ქსელის მეშვეობით დღეს ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს ISAF-ის მისიაში  და არის ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელიც ჯარის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია.

კომენტარები