უელსის სამიტი

პოროშენკო მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის

www.telegraph.co.uk

უელსში NATO-ს სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დასავლელ ლიდერებს შეხვდა. საკონსულტაციო შეხვედრებში პოროშენკოსთან ერთად მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და იტალიის მთავრობის ხელმძღვანელი მატეო რენცი.

შეხვედრაზე ლიდერებმა უკრაინას უსაფრთხოების საკითხში მხარდაჭერა აღუთქვეს, მათ შორის, NATO-ს მხრიდანაც.

საკონტაქტო ჯგუფის მიერ სამშვიდობო გეგმის შეთანხმების შემთხვევაში, პოროშენკო მზადაა ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტისთვის.

 შეხვედრის შემდეგ პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ NATO-ს წევრებისგან სრული მხარდაჭერა მიიღო. კერძოდ, ალიანსი უკრაინის დასახმარებლად სპეციალურ სატრასტო ფონდებს შექმნის, ასევე სამხედრო ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. 

„ხვალ 14 საათზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სხდომა გაიმართება, რომელზეც შეიძლება ხელი მოეწეროს დოკუმენტს, რომელიც უკრაინის სამშვიდობო გეგმის ეტაპობრივ განხორციელებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმების მთავარი ელემენტი ცეცხლის შეწყვეტაა. მინდა განვაცხადო, რიმ  უკრაინას ყოველთვის სურდა მშვიდობა, არასდროს სურდა ომი და პირველი ნაბიჯი მშვიდობის მისაღწევად ცეცხლის შეწყვეტა უნდა გახდეს“, - ამბობს პოროშენკო.

პოროშენკო სამშვიდობო გეგმის განხორციელებას 5 სექტემბრიდან იმედოვნებს. "თუკი ეს არ მოხდება, ჩვენი გადამწყვეტი მოქმედებების ალბათობა კონფლიქტის დეესკალაციასთან დაკავშირებით გაიზრდება. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინა მშვიდობისკენ მიისწრაფვის და არ სურს ომი, დაიღალა ომისგან", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა სამიტის დაწყებამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას ახორციელებს  და ბოლო დღეებში სიტუაციის გაუარესება შეინიშნება. NATO რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერის შეწყვეტისა და უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. 

კომენტარები