უელსის სამიტი

კამერონი: იორდანიასა და საქართველოში NATO-ს წვრთნები უნდა ჩატარდეს

REUTERS

უელსში NATO-ს სამიტის მეორე სამუშაო დღე გაიხსნა. გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ აუდიტორიის წინაშე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, დევიდ კამერონი წარდგა.

კამერონის თქმით, NATO ახალი საფრთხეების წინაშე დგას - აღმოსავლეთით ეს არის რუსეთი, რომელიც სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს, ხოლო სამხრეთით, ეს არის დესტაბილიზაცია ჩრ. აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად, კამერონმა 3-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა.

კამერონის გეგმის თანახმად;

1. NATO-მ უნდა დაარწმუნოს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორები, რომ ალიანსი ყოველთვის მზადაა აღასრულოს NATO-ს მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობები.

კოლექტიური თავდაცვის განმტკიცების მიზნით, NATO უნდა შეთანხმდეს მრავალეროვანი წამყვანი ძალების ჩამოყალიბებაზე, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში განლაგებას 2-5 დღეში შეძლებს. NATO-ს რეფორმირებული საპასუხო ძალების სათავო ოფისი პოლონეთში განთავსდება. ხოლო სხვადასხვა შენაერთები განლაგდება აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირე ქვეყნებში.

აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფო მზადაა, ახალ მრავალეროვან ძალებში 3000-5000 კონტინგენტამდე წარადგინოს.

2. NATO-მ საკუთარი შესაძლებლობები უნდა გაზარდოს. გაერთიანებული სამეფო მზადაა GDP-ის 2% თავდაცვაზე დახარჯოს, ხოლო ამ თანხის 20% შეიარაღებას მოახმაროს. ეს იქნება ძლიერი მესიჯი მათთვის, ვინც მსოფლიოში მშვიდობის ხელყოფას ცდილობს. NATO-მ უნდა შეძლოს, რომ კრიზისს უპასუხოს სწრაფად და კოლექტიურად.

3. NATO-მ პარტნიორობისა და უსაფრთხოების ქსელი უნდა გააფართოოს. NATO უნდა გადაიქცეს ისეთ ორგანიზაციად, რომელიც არა მხოლოდ ფლობს შესაძლებლობებს, არამედ ეს შესაძლებლობები ექსპორტზე გააქვს.

აგრეთვე, NATO-ს ერთობლივი წვრთნები უნდა ჩატარდეს იორდანიისა და საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, ერაყშიც, როდესაც იქ ახალი მმართველობა ჩამოყალიბდება.

კომენტარები