კრიმინალი

მთავრობა იარაღის უკანონო ტარებაზე საკანონმდებლო ნორმების გამკაცრებას აპირებს

თეა წულუკიანი

საქართველოს მთავრობა იარაღის შესახებ საკანონმდებლო ნორმების გამკაცრებას აპირებს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს იუსტიციის სამინისტრო მთავრობას უახლოეს მომავალში წარუდგენს - ამის შესახებ მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს კრიმინალური მდგომარეობის შესახებ საუბრისას უთხრა:

„სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლა უნდა იყოს მკაცრი. ამ ბრძოლაში არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებებიც, მაგრამ დღეს აუცილებელია და დავალება მივიღეთ, რომ შსს-მ, გამოძიების გარდა, პრევენციული ღონისძიებებიც გაატაროს, რათა თითოეულმა ახალგაზრდამ იცოდეს, რომ იარაღის უკანონო ტარება (ცივი იარაღი იქნება ეს თუ ცეცხლსასროლი) არ არის კანონით დაშვებული და უფრო მეტიც, იუსტიციის სამინისტრო მთავრობის მომდევნო სხდომაზე ძალოვან სტრუქტურებთან ერთად შეიმუშავებს კანონპროექტების პაკეტს, რომლითაც გამკაცრდება იარაღის, მით უმეტეს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჩვენს კანონებში არსებული ნორმები", - ამბობს წულუკიანი.

მინისტრი ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ მთავრობა მკაცრი იქნება:

„მინდა, ამ წუთიდან გაფრთხილდეს ყველა ახალგაზრდა, რადგან მთავრობა იქნება ძალიან მკაცრი იმ ახალგაზრდებთან ბრძოლაში, ვინც გაბედავს და უკანონოდ იარაღს ატარებს და ხელს აღმართავს თავის თანატოლზე".

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ ჩათვალა მთავრობამ საჭიროდ საკანონმდებლო ცვლილებები, მაშინ, როდესაც შსს და პრემიერი კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებას უარყოფენ, იუსტიციის მინისტრი პასუხობს, რომ „დანაშაულის მთლიანად აღმოფხვრის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რადგან დანაშაული ყველა ქვეყანაში არსებობს".

წულუკიანისვე თქმით, მნიშვნელოვანია როგორც „მკაცრი და ადეკვატური" სასჯელი, ასევე პრევენციული ზომების მიღება - მინისტრს მიაჩნია, რომ კანონის გამკაცრება „გადამარწმუნებელ" ეფექტს მოახდენს მათზე, ვინც იარაღს უკანონოდ ატარებს.

„მინდა ყველას მოვუწოდო, საზოგადოების წევრებს, რომ ნუ მიეცემიან იმ ფსიქოზს, შფოთვას, რომელსაც თესავს ზოგიერთი ძალა. ყველა მომხდარი ტრაგედია იქნება გამოძიებული და მიკვლეული დამნაშავე იქნება მკაცრად დასჯილი. წარსულშიც იყო დანაშაულები, მაგრამ წარსულში დანაშაულს წინა ხელისუფლება ებრძოდა სხვაგვარად, ჩვენ ვებრძვით მკაცრად დანაშაულს, მაგრამ არასდროს დაგვავიწყდება, რომ ამ ბრძოლაში არ უნდა მოყვეს უდანაშაულო ადამიანი, დამნაშავე კი მკაცრად უნდა დაისაჯოს", - მოუწოდებს მინისტრი საზოგადოებას.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა იგულისხმება კანონის ნორმების გამკაცრებაში. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, იარაღის უკანონო შეძენა ან შენახვა ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან აღკვეთით ვადით სამ წლამდე. უკანონო ტარება კი - ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
„ეს იქნება იმისთვის, რომ ის ახალგაზრდები დავიცვათ, პირველ რიგში, ვინც ბედავს რატომღაც და უკანონოდ ატარებს იარაღს,. მათ შეიძლება ხელი წაუცდეთ და ჩაიდინონ დანაშაული. და დავიცვათ სიცოცხლე", - ამბობს წულუკიანი.

კომენტარები