საპატრიარქოს ბიზნესსაქმიანობა

TI: საპატრიარქო 27 კომპანიას ფლობს, რომლებიც სამეწარმეო სფეროში მოქმედებენ

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საპატრიარქოს ბიზნესკომპანიებთან და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ანგარიშის მთავარი მიზანი საპატრიარქოს სხვადასხვა სფეროში საქმიანობის შესახებ დაინტერესებული საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. გარდა ამისა, კვლევაში მოცემულია სავარაუდოდ კანონთან შეუსაბამო რამდენიმე ფაქტიც. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქვეყნის მასშტაბით გარკვეული ბიზნესინტერესებიც აქვს. ეკლესია უშუალოდ არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა, საპატრიარქო 27 კომპანიას ფლობს, რომლებიც რამდენიმე სამეწარმეო სფეროში მოქმედებენ, მათ შორის,  წყლის ბიზნესი, განათლება და ა.შ.

ანგარიშში მოხსენიებულია კომპანია"აქვა გეო" რომელიც მინერალურ წყალ "სნოს" აწარმოებს.

"პროდუქციის სახელწოდება პატრიარქ ილია II-ის მშობლიური სოფლის სახელიდან მოდის. კომპანია 2009 წელს დარეგისტრირდა და საპატრიარქო ამჟამად მის 20%-ს ფლობს (2010 წ. აპრილამდე საპატრიარქოს კომპანიის 80% ეკუთვნოდა), დანარჩენი წილის მფლობელი კი ვახტანგ ლიპარტიანია. ეკლესიასთან ლიპარტიანის სხვა ბიზნესკავშირები არ იკვეთება.

2014 წლის თებერვალში ვახტანგ ლიპარტიანმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა ალექსანდრე ხარებავამ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას" თითოეულმა 37,353 ლარი შესწირა. 2011 წლის იანვრამდე ხარებავა საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილი კრწანისის ტყე-პარკის დირექტორი იყო.

2012 წლის დასაწყისიდან მოყოლებული „აქვა გეომ" სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ჩატარებულ 26 სამთავრობო სატენდერო კონკურსში გაიმარჯვა (სულ 45-ზე მეტ ტენდერში მონაწილეობდა), რომელთა საერთო ღირებულება 502,145 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ტენდერებთან ერთად 2012 წლის თებერვლიდან მოყოლებული კომპანიას ტენდერების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის პროცედურის გამოყენებით, დამატებით კიდევ 166 სამთავრობო კონტრაქტი გაუფორმდა, რომელთა საერთო ღირებულება 200,000 ლარზე მეტს შეადგენს", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მოხსენიებულია წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი.

კვლევის ავტორების თქმით, ფონდი ოფიციალურად 2010 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა. ფონდის დაარსების ერთადერთი მიზანი დარიალის ხეობაში ეკლესიის მშენებლობა იყო. ის მთლიანად საპატრიარქოს ეკუთვნის. კომპანიას კონსტანტინე იაკობაშვილი (მეუფე იაკობი) ხელმძღვანელობს, რომელიც წმინდა სინოდის წევრი, ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსი, საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე და პატრიარქის ქორეპისკოპოსია.

"დარიალის ხეობაში საეკლესიო კომპლექსის მშენებლობაში დახმარების მიზნით, აღნიშნულ ფონდთან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთრებაში არსებულმა „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 2 მილიონი ლარის საერთო ღირებულების ოთხი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებათა უმეტესობა 2011 წლის პირველ ნახევარზე მოდის და მათგან უმსხვილესი (936,000 ლარი) ფონდს გამარტივებული შესყიდვების პროცედურების გზით მიენიჭა 2011 წლის 15 აგვისტოს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდს ზემოაღნიშნული ტენდერებიდან ერთი (818,000 ლარის ღირებულების) იმის მიუხედავად მიენიჭა, რომ მის კონკურენტს სატენდერო წინადადებაში 50,000 ლარით ნაკლები ჰქონდა შეთავაზებული. სატენდერო კომისიამ დაბალი ფასის შემთავაზებელი პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია მოახდინა იმის გამო, რომ მან ყველა საჭირო სატენდერო დოკუმენტი არ წარადგენა, რომელთაგან ერთ-ერთი ეკლესიის მშენებლობაზე საპატრიარქოს მიერ გაცემული ნებართვაც უნდა ყოფილიყო", - ნათქვამია ანგარიშში.

"საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“

საპატრიარქოს საკუთარი ტელეკომპანიაც აქვს, სახელად „ერთსულოვნება“, რომელიც სპეციალიზებული მაუწყებლობის კერძო ლიცენზიას ფლობს და რომლის მაუწყებლობაც თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვრცელდება. ტელეკომპანია, ძირითადად, რელიგიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს გადასცემს. ტელეკომპანია "ერთსულოვნება" 2008 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული და 2010 წლის სექტემბრამდე, ანუ საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემამდე, მთლიანად პატრიარქ ილია II-ს ეკუთვნოდა. ამჟამად კომპანიას ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი პეტრე (პაატა ცაავა) ხელმძღვანელობს; 2010 წლიდან ტელეკომპანიას თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ორი შენობა და 4 151 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი უკავია, რომელიც ერთი წლით ადრე საპატრიარქოს ხელისუფლებამ უსასყიდლოდ გადასცა. ტელევიზიას თავის შესანახად საკმარისი სახსრები არ გააჩნია და სახელმწიფოსა და საპატრიარქოსაგან ფინანსდება. 2009 წლის თებერვალში მთავრობამ „ერთსულოვნებას“ 300,000 ლარის ოდენობით დაფინანსება გამოუყო.

"ერთსულოვნება" ეთერში ტელერადიო კომპანია "ევრიკას" სიხშირეზე მაუწყებლობდა. 2010 წლის ივნისში "ევრიკამ" დაახლოებით 112 000 ლარის დავალიანების არსებობის გამო საპატრიარქოს ტელევიზიას ეთერი გაუთიშა. "ევრიკასთან"კონტრაქტს ვადა 2013 წლის 1 მაისს ამოეწურა, მაგრამ ის აღარ გაგრძელებულა და "ერთსულოვნება" სიხშირის გარეშე დარჩა. ამის შემდეგ პატრიარქმა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს სთხოვა, პარლამენტის უფლებამოსილება გამოეყენებინა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ეშუამდგომლა, რათა მას "ერთსულოვნებისათვის" ახალი სიხშირე გამოეყო. 2014 წლის იანვარში, "სტერეო+"-მა "ერთსულოვნებას" რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საკუთარი ლიცენზია სიმბოლურ ფასად გადასცა და ახლა "ერთსულოვნების" სიგნალის მიღება დეციმეტრული ანტენის საშუალებითაა შესაძლებელი.

საპატრიარქოს ასევე აქვს საკუთარი რადიო არხი – „ივერია“. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, "ივერია" თბილისში და საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქში მაუწყებლობს, თუმცა იგი სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელთა რეესტრში არ ფიქსირდება. მაუწყებლობის შესახებ კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტით ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა იკრძალება. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად კომისიამ გვაცნობა, რომ ამჟამად, კომისიასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის დაწყებულია მუშაობა აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო რეგულაციებში მოქცევის მიზნით.

საავადმყოფოები

საპატრიარქოს საკუთრებაშია ოთხი საავადმყოფო: აქედან ორი, თერაპიული კლინიკა უპოვართათვის და მისი განვითარების ფონდი და წმინდა გიორგის სახელობის კარდიოლოგიური საავადმყოფოს განვითარების ფონდი, ჩვეულებრივი სავადმყოფოების სახით ფუნქციონირებს, მაგრამ არაკომერციულ ორგანიზაციებადაა რეგისტრირებული.

დანარჩენი ორი საავადმყოფო, ერთი თბილისში – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი (ადრე ნიკოლოზ ბარნოვის საავადმყოფოს სახელით ცნობილი), ხოლო მეორე ქუთაისში – ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო – წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახითაა რეგისტრირებული. ორივე საავადმყოფო საპატრიარქოს პრივატიზაციის პროცესის ფარგლებში გადაეცა – პირველი 2007 წლის დეკემბერში სიმბოლურ ფასად – 1 აშშ დოლარად, ხოლო მეორე – 2000 წლის აპრილში უფასოდ. 2000 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებას წარმოადგენს აგრეთვე წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამშობიარო სახლი, რომელიც სამედიცინო ცენტრს 2012 წლის ოქტომბერში შეუერთდა.

სამივე საავადმყოფო ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტოს რეფერალური სამსახურის პროგრამაში, საიდანაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული პირებისათვის ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ხდება. 2011 წლიდან მოყოლებული ამ საავადმყოფოებს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების გზით ჯამში 241,834 ლარის ღირებულების 126 ხელშეკრულება გაუფორმდა (სოციალური მომსახურების სააგენტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებთან 12,000 ამგვარი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული). ამ ცენტრმა გაიმარჯვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ 2011 წლის იანვარში გამოცხადებულ 266,500 ლარის ღირებულების ტენდერშიც. 2011 წლის მარტის შემდგომ პერიოდში სამედიცინო ცენტრმა და სამშობიარო სახლმა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სამ ტენდერშიც გაიმარჯვა, რომელთა საერთო ღირებულებაც 93,800 ლარს შეადგენს.

კვების პროდუქტების ბიზნესი

საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული კომპანიების სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ორგანული საკვების წარმოება. ეკლესიას თბილისში აქვს ორი მაღაზია სახელწოდებით "მონასტრის ბარაქა" (ერთი სიონის საკათედრო ტაძრის მიმდებარად, ხოლო მეორე ყაზბეგის გამზირზე ასევე ეკლესიის მახლობლად); ეს მაღაზიები, მათივე მტკიცებით, საქართვველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ სამონასტრო კომპლექსებში წარმოებული ორგანული საკვები პროდუქტებით ვაჭრობენ (სავაჭრო საქონელს შორისაა ხაშმის ღვინის ქარხნის ღვინოც).

2014 წლის იანვარში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ (არასამთავრობო ორგანიზაცია) ამ მაღაზიებში გაყიდვაში არსებული რძის პროდუქტების ნიმუშები აიღო, შესამოწმებლად სამ სხვადასხვა ლაბორატორიას ჩააბარა და დაადგინა, რომ ისინი ნამდვილი რძის პროდუქტები არ იყო. რადგან აღნიშნული ფაქტი საქართველოს კანონმდებლობით კანონდარღვევას არ წარმოადგენს, ორგანიზაციამ მხოლოდ წერილი გაუგზავნა საპატრიარქოს და სთხოვა, საკვები პროდუქციის ხარისხი გაეკონტროლებინა.

საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული სხვა საწარმოები

საპატრიარქოს ასევე ეკუთვნის რაგბის კლუბი „ბაგრატი“ ქუთაისში, თბილისის სამხრეთით მდებარე „კრწანისის ტყე-პარკი“, ხაშმის ღვინის ქარხანა კახეთში (1992 წ. თებერვლიდან), 11 სკოლა (შპს-ები) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და 1 საბავშვო ბაღი ბათუმში (საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხ. დანართი ფაილი).

საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული რამდენიმე სკოლამ საქმიანობის პროფილი შეიცვალა. 2010 წლის მაისში ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დისშვილმა, დიმიტრი შიოლაშვილმა, შპს „ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი” სამშენებლო-საპროექტო კომპანიად − შპს "იბერია ბურჯად" გარდაქმნა. საჯარო რეესტრში გარდაქმნის რეგისტრაციისას წარდგენილია ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის სახელზე საპატრიარქოს მიერ გაცემული მინდობილობა, რომელშიც საუბარია ეპისკოპოსისთვის კომპანიის რეგისტრაციის უფლებამოსილების მინიჭებაზე, თუმცა მინდობილობა არ იძლევა რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობის სფეროს ცვლილების უფლებამოსილებას.

2014 წლის იანვარში კიდევ ერთი სასწავლებელი, შპს ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა, გადაკეთდა კვების პროდუქტების მწარმოებელ და დისტრიბუტორულ კომპანიად", - წერენ კვლევის ავტორები.

კომენტარები