საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

TI: საპატრიარქოს სულ მცირე 84 არასამეწარმეო იურიდიული პირი აქვს დაფუძნებული

საპატრიარქო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საპატრიარქოს ბიზნესკომპანიებთან და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ანგარიშის მთავარი მიზანი საპატრიარქოს სხვადასხვა სფეროში საქმიანობის შესახებ დაინტერესებული საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. კვლევის ავტორების განცხადებით, საპატრიარქოს დაფუძნებული აქვს სულ მცირე 84 არასამეწარმეო იურიდიული პირი, მათ შორის: 4 უნივერსიტეტი, 5 სასულიერო სემინარია, 25 სკოლა, 8 სოციალური დაწესებულება, 18 საქველმოქმედო და განვითარების ფონდი და 16 კულტურული და სულიერი განვითარების ცენტრი. ზოგიერთი მათგანის წესდებაში კომერციული საქმიანობა მითითებულია, როგორც დამხმარე.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საპატრიარქოს მიერ 2013 წლის აპრილში გავრცელებული განცხადების თანახმად, მის დაქვემდებარებაშია 90-მდე საგანმანათლებლო და სოციალური პროფილის დაწესებულება (სემინარიები, სკოლები და საბავშვო ბაღები), ასევე რამდენიმე ბავშვთა სახლი, რომლებშიც 2 000-ზე მეტი თანამშრომელი და 18 000-მდე მოსწავლე ირიცხება. ამ სკოლებიდან ბევრი საპატრიარქოს მიერაა დაარსებული და მათ ამჟამად ეპისკოპოსები ან ეკლესიის მაღალი იერარქიის სხვა წარმომადგენლები მართავენ.

სოციალური პროფილის დაწესებულებები

საპატრიარქოს საკუთრებაშია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ათამდე ბავშვთა სახლი, რომლებშიც 1 200-დან 1 500-მდე ბავშვი ცხოვრობს. არც ბავშვთა სახლების ზუსტი რაოდენობა და არც მათში არსებული ბავშვების მთლიანი რაოდენობაა ცნობილი, რადგან ისინი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, უმეტესწილად, ხელმიუწვდომელია. გარდა ამისა, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ამ დაწესებულებებში განთავსებულ ბავშვებში მაღალია ძალადობის რისკი. ხშირ შემთხვევაში მათ პირადობის დამდგენი სათანადო დოკუმენტებიც კი არ გააჩნიათ.

საქველმოქმედო და განვითარების ფონდები

საპატრიარქოს სულ მცირე 16 ფონდი აქვს დარეგისტრირებული. ათი მათგანი ეპარქიის განვითარების ფონდია, რომლებსაც შესაბამისი ეპარქიის ეპისკოპოსი ხელმძღვანელობს. მათ წესდებაში ძირითადი საქმიანობის სფეროდ მითითებული აქვთ საქველმოქმედო, საგანმანათლებლო მოღვაწეობა და ტაძრების მშენებლობა-რესტავრაცია. საჯარო რეესტრში არსებობს ინფორმაცია კიდევ ათი ეპარქიის განვითარების ფონდის შესახებ, რომელთა დამფუძნებელიც არა საპატრიარქო, არამედ შესაბამისი ეპარქიის ეპისკოპოსები არიან, თუმცა, სხვა მხრივ, ანალოგიური მიზნები აქვთ.

საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ფონდებს შორისაა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, რომელიც, ძირითადად, სამეცნიერო კვლევებს აფინანსებს; არის ფონდები, რომლებიც გალობის განვითარების ხელშეწყობას, ეკლესიების მშენებლობასა და სოციალურად დაუცველი ბავშვების ზრუნვას აფინანსებენ. საპატრიარქოსთან არსებული არცერთი ფონდი არ არის რეგისტრირებული, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია. ამ სტატუსით დარეგისტრირების შემთხვევაში, ორგანიზაციას საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება ეძლევა, მაგრამ მან დროგამოშვებით უნდა გაასაჯაროოს და შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ქონებრივი დეკლარაციები (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-10 პუნქტი).

ცენტრები

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში საერთო ჯამში 16 ცენტრია. მათი უმეტესობის მოღვაწეობის სფეროა ახალგაზრდა თაობის სულიერი განვითარება და ქრისტიანული განათლება. რამდენიმე ცენტრი სკოლასა და საბავშვო ბაღს აერთიანებს (ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი). სხვები უფრო მეტად საქველმოქმედო საქმიანობაზეა ორიენტირებული: უფასო სასადილო, მოხუცთა სახლი (წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრი) და საბავშვო ბაღი სმენადაქვეითებულ ბავშვებისთვის (სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრი). არსებობს ასევე ნარკომანიასთან ბრძოლის ცენტრიც (სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი), გალობათა პოპულარიზაციის ცენტრი (ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი) და თეოლოგიური კვლევების განვითარების ცენტრი (საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი)", - წერენ კვლევის ავტორები.

კომენტარები