უელსის სამიტი

რასმუსენი: არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება ნატოს გაფართოებაზე

ანდერს ფოგ რასმუსენი
thenews.com.pk

უელსის NATO-ს სამიტზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრესკონფერეციაზე რასმუსენმა ისაუბრა NATO-ს პრიორიტეტების 16-პუნქტიან პაკეტზე და ხაზი გაუსვა ასპირანტი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მისწრაფებებს ალიანსში წევრობისკენ.

16-პუნქტიან პაკეტში მნიშვნელოვანი ადგილი კიბერთავდასხმებს დაეთმო. რასმუსენის თქმით, კიბერშეტევები ისეთივე საფრთხეა საზოგადოებისთვის, როგორც კონვენციური თავდასხმები. პაკეტი მოიცავს ალიანსის გაძლიერების პირობებს და პარტნიორი ქვეყნების დახმარებას საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდაში. აღნიშნული პაკეტი გავრცელდება საქართველოზე, მოლდოვასა და იორდანიაზე. გენერალური მდივნის თქმით, NATO დახმარებას ლიბიასაც გაუწევს.

რასმუსენმა დადებითად შეაფასა ასპირანტი ქვეყნების ალიანსისკენ სწრაფვა. მისი თქმით, NATO-ს კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, ვინც კარგად შეასრულებს წევრობისთვის აუცილებელ პირობებს. „არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე“, - აღნიშნა რასმუსენმა.

რასმუსენმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის მომზადებულ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს, რომელიც დაეხმარება საქართველოს ალიანსის გაწევრიანების მომზადების პროცესში. გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი გულისხმობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას, NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის მოსამზადებელი ცენტრის შექმნას და საქართველოს ტერიტორიაზე ალიანსის ერთობლივი წვრთნების ჩატარებას.

გენერალურმა მდივანმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა მონტენეგროზე და აღნიშნა, რომ 2015 წლის ბოლოსთვის მოკავშირეები შეაფასებენ, თუ რამდენად მზადაა ქვეყანა გახდეს ალიანსის წევრი.

რასმუსენის განცხადებით, NATO მუდმივად და სრულად იქნება წარმოდგენილი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. უკვე მზად არის NATO-ს საპასუხო ძალები NFR, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდა “მოწინავე“ ძალები. ეს ძალები უმოკლეს დროში შეძლებენ ნებისმიერ წერტილში განთავსებას სახმელეთო, საჰაერო და სპეციალური ოპერაციული ძალების დახმარებით.

რასმუსენმა პოტენციური მოწინააღმდეგეები გააფრთხილა, რომ NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა აღქმული იქნება, როგორც თავდასხმა მთლიანი ალიანსის წინააღმდეგ.

კომენტარები