უკრაინის კრიზისი

ჯონ მაკკეინი უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების მომხრეა

აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებსა და უკრაინისთვის შეიარაღების მოწოდებას, - ამის შესახებ მან პარასკევს, 5 სექტემბერს კიევში ყოფნისას განაცხადა. სენატორის თქმით, ევროპა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საკუთარ ზარალსაც უნდა შეეგუოს.

"სანქციები რუსეთის მიმართ უნდა იყოს სექტორული და ძალიან მკაცრი. ამ სანქციებმა შესაძლოა დააზარალოს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა ის, რაც დღეს სასწორზე დევს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია... ვლადიმირ პუტინი მზად არის, თავისი ქვეყნის ეკონომიკა დააზარალოს აღმოსავლეთ უკრაინის კონტროლისა და, შესაძლოა, საზღვრებჩაკეტილი უკრაინის ფასად", - განაცხადა მაკკეინმა.

სენატორის თქმით, თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის იდეას პუტინი აღიქვამს, როგორც საფრთხეს საკუთარი ძალაუფლებისთვის. სწორედ ამიტომ, მას იმპერიის აღდგენა სურს.

"პუტინს რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს. მას არ სურს თავისუფალი, დემოკრატიული უკრაინა, რადგან შესაძლოა რუსმა ხალხმაც იმავე ცხოვრების წესს დაუჭიროს მხარი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავარწმუნოთ ჩვენი მთავრობა და კოლეგები კონგრესში, რომ მივიღოთ კანონი, რომელიც უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების შესაძლებლობას მოგვცემს. თავდაცვითი შეიარაღების გარეშე რუსების შეჩერება ძნელი იქნება", - განაცხადა სენატორმა.

 

კომენტარები