პოლიციის რეიდი

როგორ აფასებენ პოლიციის რეიდებს პოლიტიკოსები

თბილისში უკანასკნელ პერიოდში პოლიციის მიერ რეიდების ჩატარებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ ამ ტიპის ღონისძიებები ადამიანების უსაფრთხოებისთვისვეა აუცილებელი და ამ პროცესში მოქალაქეთა უფლებების დაცვის საჭიროებაზე მიუთითებენ.
უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ როდესაც პოლიციას ან სამართლადამცავი უწყების წარმომადგნელს შესაბამისი ინფორმაცია აქვს, ასეთ დროს, „ბუნებრივია, შემოწმებები ტარდება".

„წინასწარი პრევენციული ღონისძიებების მაქსიმალურად გატარებისთვის, ალბათ საჭიროა დამატებითი ღონისძიებების ჩართვა. ამ ღონისძიებათა ნუსხაში შეიძლება იყოს, მათ შორის, შემოწმებები იმ საეჭვო გარემოებების, თუკი აქვს პოლიციას ან სამართალდამცავი უწყების რომელიმე წარმოამდგენელს ინფორმაცია, რომ შეიძლება იყოს რაიმე უკანონო ნივთი - იარაღი ან სხვა საგანი. ასეთ შემთხვევებში, ბუნებრივია, შემოწმებები ტარდება, თუმცა აუცილებელია და ეს მითითება ექნება აბსოლუტურად ყველა პოლიციელს მიცემული, რომ მოქალაქეთა კნონიერი უფლებები იყოს დაცული", - ამბობს ბესელია.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის ირაკლი სესიაშვილის აზრით, ბოლო პერიოდის მოვლენებმა ამ ტიპის ღონისძიებების გატარების აუცილებლობა წარმოაჩინა:

„ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებების განხორციელება აუცილებელია ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. მაგრამ, ამასთანავე, დიდი და მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ პოლიციელები კანონის ფარგლებში იქცეოდნენ და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. მესმის, რომ შეიძლება გარკვეულ გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, მაგრამ ესეც არის ერთგვარი გაკვეთილი, ერთგვარი საფუძველი იმისა, რომ თუ სადმე ხარვეზია, ის გამოვასწოროთ. მთავარია, რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების, ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურებოდეს", - ამბობს სესიაშვილი.

დეპუტატი ვიქტორ დოლიძე აღნიშნავს, რომ თავად მხარს არ უჭერს რეიდებს, მაგრამ „ბოლო კრიმინალური ვითარებების" ფონზე, შესაძლოა, ეს აუცილებელიც იყოს:
„ნამდვილად არ ვუჭერ მხარს რეიდებს, პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ის ბოლო კრიმინალური ვითარებები, რომელიც გავითარდა ქალაქში, შესაძლებელია, რომ აუცილებელიც იყოს. ეს არის ჩემი აბსოლუტურად ობიექტური ინდივიდუალური დამოკიდებულება", - აღნიშნავს დოლიძე.

90-იან წლებს აგონებთ პოლიციის რეიდები ნაციონალურ მოძრაობაში. საპარლამენტო უმცირესობის წევრები ხელისუფლებას პრობლემისთვის „თვალებში შეხედვისკენ" მოუწოდებენ:

„იმის მაგივრად, რომ კრიმინალის ზრდას ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს და უფრო გააქტიურდეს ოპერატიული მუშაობა, რა თქმა უნდა, [აღდგა] კარგად დავიწყებული ძველი, თავისი ყველა უხეში ფორმით, მოქალაქების მიმართ უხეში მიდგომით. სამწუხაროდ, კრიმინალთან ბრძოლა რეიდებით არ გამოვა. მაშინ ყველაზე ეფექტურად ამ მეთოდებს უნდა ემუშავა 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეს რეიდები საერთოდ ჩამოყალიბდა. კარგად გახსოვთ, რომ რეიდების დროს კრიმინალი, პირიქით, იზრდებოდა. თუ ხელისუფლებამ ადეკვატური ზომები არ მიიღო და არ შეხედა პრობლემას თვალებში და არ მოაგვარა ის, მარტო რეიდებით კრიმინალს ვერ მოუვლი", - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი.

დამძიმებულ კრიმინალურ ფონზე საუბრობს საზოგადოება ივერიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა რურუაც. რურუა ამბობს, რომ წარსულში მომხდარმა ამნისტიებმა ცუდი შედეგი გამოიღო, რეიდები კი პოლიციის დისკრედიტაციას მოახდენს:

„კრიმინოგენური ფონი აშკარად დამძიმდა და იმის თქმა, რომ ყველაფერი სტაბილურია, არ შეესაბამება სიმართლეს. ამ შემთხვევაში პრემიერი უბრალოდ თავს იმშვიდებს, იხტიბარს არ იტეხს, რაც, ჩემი აზრით, შეცდომაა. რეალურად ვიცით, რომ საყოველთაო ამნისტიებმა გამოიღეს ასეთი ცუდი შედეგი. ეს გააკეთეს პოლიტიკური მოსაზრებით, გააკეთეს ხმების მოსაპოვებლად და ეხლა იმკიან იმას, რაც დათესეს. რაც შეეხება რეიდებს, მე ვთვლი, რომ რეიდები არ არის პროფილაქტიკური სამუშაოები. რეიდები ვიზუალური ტრიუკია, ვიდრე შინაარსიანი მუშაობა. ჩემი აზრით, (ეს იდეა შემიძლია ვაჩუქო პარლამენტსა და ხელისუფლებას) მისაღებია კანონი - ის მიღებულია აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირის უამრავ ქვეყანაში - რომელიც ე.წ. ბირჟების წინააღმდეგ მუშაობს. თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ, ბუნებრივია, ეს რეიდი კანონის ფარგლებში ჯდება, მაგრამ წინ და უკან მანქანით სირბილი არავის და არაფერს შეცვლის ... რეალურად ეს გაუკეთებს დისკრედიტაციას პოლიციას, ეს შეაწუხებს კანონის მორჩილ მოქალაქეებს", - მიაჩნია ნიკა რურუას.

კომენტარები