სტარტაპები

ოქროყანაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი შეიქმნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ოქროყანაში ტექნოლოგიურ პარკს ააშენებს.

ტექნოპარკის შენობა 3 000 კვადრატული მეტრი იქნება. ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ქაშიბაძის თქმით, ოქროყანის ტერიტორიაზე შენობები უკვე არსებობს. მათი გარემონტებისათვის სახელმწიფო 2 მილიონ ლარს გამოყოფს, შემდგომი გადაიარაღებისათვის კი დამატებით 450 000 ლარს.

ტექნოპარკის პროექტის პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო. მან ხაზი გაუსვა ტექნოპარკის მნიშვნელობას საქართველოში ინოვაციების განვითარებისა და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობისათვის.

ტექნოპარკის პროექტს მასმედიისა და სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, უშუალოდ ინოვატორებიც გაეცნენ. ერთ-ერთი მათგანი, საქველმოქმედო სტარტაპის wehelp.ge-ს დამფუძნებელი ბორის კიკნაძე მიიჩნევს, რომ თუ ტექნოპარკის პროექტი სწორი მიმართულებით წარიმართა, საქართველოში შეიქმნება მნიშვნელოვანი ბაზა რეგიონული განვითარებისათვის.

იმას, თუ ვინ გაუწევს ტექნოპარკის მშენებლობას მენეჯმენტს, ინოვაციების სააგენტო ჯერ არ აკონკრეტებს. ტექნოპარკის სამუშაო გეგმა ჯერჯერობით კონკრეტულად გაწერილი არ არის და ქაშიბაძის თქმით ეს სამუშაო პროცესის ნაწილია. ინოვაციების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნოპარკის რემონტი 2014 წლის ბოლოს დასრულდება და 2015 წლის პირველ კვარტალში უკვე ფუნქციონირებას დაიწყებს.

კომენტარები