შს სამინისტრო

იზორია: შსს-სგან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზე ინფორმაცია არარერალურია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ინფორმაციით, შსს-სგან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზე საუბარი არ მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე უთხრა, აღნიშნული ინფორმაცია არარეალურია. 

"ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს, შესაბამისად ეს ინფორმაცია არარეალურია. საკონსტიტუციო კომისიას აქვს დიდი დრო მუშაობისთვის, თუ ამ ეტაპზე დაიწყო მსჯელობა, დისკუსია, არ ნიშნავს, რომ ამავე ეტაპზე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, კომისიას აქვს მსჯელობისთვის გარკვეული დრო", - განაცხადა ლევან იზორიამ. 

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი, დღის წესრიგში შს სამინისტროს ორად გაყოფას, უშიშროების სამსახურებისა და პოლიციის განცალკევებას, არ გამორიცხავს.

"ჩვენ მემკვიდრეობით ძალიან რთული სისტემა ჩაგვბარდა. მით უმეტეს, ეს იყო პოლიტიზებული და ერთ სამინისტროში თავმოყრილი იყო მთელი რიგი მიმართულებებით არსებული ფუნქციები და ვალდებულებები. ამიტომ თავისთავად ცხადია, ბუნებრივად, მომავალში ალბათ დადგება ამის საკითხი. თუმცა, რა სახით, რა ფორმით ამაზე უნდა იმსჯელოს მთავრობამ, პარლამენტმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება რა ფორმით ან საერთოდ კი, თუ არა", - თქვა სესიაშვილმა.

კომენტარები