ომი უკრაინაში

უკრაინაში კონფლიქტს უკვე 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს ემსხვერპლა, 3000-ს გადააჭარბა.

ადამიანის უფლებათა სფეროში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის, ივან სიმონოვიჩის განცხადებით, კონფლიქტის დაწყების დღიდან ბრძოლაში 2729 ადამიანი დაიღუპა. რაოდენობა 3000-ს გადააჭარბებს, თუ ამას მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის, MH17-ის ჩამოგდების შედეგად დაღუპულ 298 მგზავრსაც დავუმატებთ.

„ეს რიცხვი მოიცავს იმ მკვლელობებს, რომლებიც რეგისტრირებულია არსებულ რესურსებზე დაყრდნობით… რეალური რაოდენობა, შესაძლოა, ბევრად დიდი იყოს“, - განაცხადა სიმონოვიჩმა ეუთოს საგანგებო სხდომაზე. 

ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით 17 ივლისს ჩამოაგდეს.

ვაშინგტონმა და კიევმა თვითმფრინავის ჩამოგდებაში პრორუს სეპარატისტებს დასდეს ბრალი, თუმცა, რუსეთმა და სეპარატისტმა მებრძოლებმა ბრალდება უარყვეს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პროტოკოლს უკრაინამ, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკამ და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკამ პარასკევს, 5 სექტემბერს მოაწერეს ხელი. თუმცა, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, კიევმა სეპარატისტებს პროტოკოლის არარეგულარულ დარღვევაში დასდო ბრალი.

მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ევროკავშირი განაგრძობს ახალი სანქციების დაწესებას რუსეთზე. დეტალები ახალი ეკონომიკური სანქციების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, კომპანია როზნეფტსა და გაზპრომზე შეზღუდვებსაც შეიცავენ, სამშაბათს გახდება ცნობილი.

დასავლეთის სანქციებს ორშაბათს, 8 აგვისტოს რუსეთის პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მოსკოვი უპასუხებს ნებისმიერ ახალ დასავლურ სანქციას, რაც, შესაძლოა, თვითმფრინავებისთვის რუსული საჰაერო სივრცის დახურვაში გამოიხატოს.

კომენტარები