ე.წ. პოლიციის რეიდები

წულუკიანი: რეიდების დროს, ახალგაზრდა ბიჭების მშობლებიც კმაყოფილები იყვნენ

news.ge

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "გუშინ, ე.წ. რეიდების დროს, არაერთი ცივი იარაღი ამოიღეს, მაგრამ მშობლებიც კმაყოფილები იყვნენ, რომ თავიანთი ახალგაზრდა ბიჭები შუაღამეზე კი არ მივიდნენ სახლში, არამედ თორმეტ საათზე შინ იყვნენ". ამასთან, როგორც წულუკიანმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში აღნიშნა, სპეციალური საპოლიციო კონტროლი მუდმივი ვერ იქნება. 

"ის ზომები, რაც გატარდა, არა მხოლოდ დროული იყო, არამედ საზოგადოების მოთხოვნაც. კანონის შესაბამისად ხორციელდება ხილული, დროში შეზთუდული მასობრივი ღონისძიება, ყოველდღე ასე ვერ იქნება. შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობასთან შეთანხმებით დაგეგმა, რათა საზოგადოებამ ნახოს, რა ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს პოლიცია." - თქვა წულუკიანმა. 

ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე "არ არის მთავრობის სუსტი წერტილი". მისი თქმით, "ჭიკაიძე შეიძლება თავს ვერ იპიარებს, მაგრამ დღე და ღამე მუშაობს იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანი ციხეში არ მოხვდეს". წულუკიანის განცხადებით, შს მინისტრი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ ქუჩებში შემოწმებების დროს, "დანაშაულს ხელში არ მოყვეს უდანაშაულო ადამიანი".

ცნობისთვის, რამდენიმე დღის მანძილზე, გვიან ღამით, თბილისის ქუჩებში, ე.წ. პოლიციის რეიდები მიმდინარეობდა. თავდაპირველად ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქზე გავრცელდა, სადაც ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პოლიციის მოქმედებების გამო. სამართალდამცველთა ჯგუფები თბილისის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდნენ. ისინი სხვადასხვა ადგილას ჯგუფურად გადაადგილდებოდნენ. მოქალაქეთა ნაწილს ჩხრეკის შემდეგ ათვისუფლებდნენ, ნაწილი კი, დიღმის სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაჰყავდათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიციას აღნიშნული ქმედების სრული უფლება აქვს.

კომენტარები