კრიზისი უკრაინაში

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

AP

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტების პრესსამსახურები ავრცელებენ. საუბრისას მხარეებმა განიხილეს კოორდინირებული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ეფექტიანად ამოქმედებისთვის.

სახელმწიფოთა მეთაურებმა ასევე ხაზი გაუსვეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისთვის ეუთოს მისიის ეფექტური მონიტორინგის მნიშვნელობას.

პოროშენკო და პუტინი დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

უკრაინის პრეზიდენტი  რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. პეტრო პოროშენკომ და ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება განიხილეს. ოფიციალური კიევის ცნობით, მხარეები მოქმედების შემდგომ კოორდინაციაზე შეთანხმდნენ და ეუთოს მონიტორინგის  განხორციელებას დაუჭირეს მხარი. პეტრო პოროშენკო ქალაქ მარიუპოლში იმყოფებოდა, რომელსაც რუსული ძალები რამდენიმე დღის განმავლობაში უტევდნენ.

"ვფიქრობ, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, უფრო სწორად მოვიგებთ მშვიდობას. მხოლოდ სამხედრო გზით მოგება შეუძლებელია, რაც უფრო მეტად ვუტევთ, მით უფრო მეტი რუსული ძალები შემოდის ჩვენს ტერიტორიაზე. თუ უცხო ქვეყნის ძალები დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას, კომპრომისს ერთი კვირის განმავლობაში მივაღწევთ. მთავარია, შეწყდეს ცეცხლი, გავიდნენ ჯარები და დაიკეტოს საზღვარი. ამ ყველაფერს სამშვიდობო გემა მოიცავს და დარწმუნებული ვარ, კომპრომისის მიღწევას მშვიდობიანი მეთოდებით  შევძლებთ" - განაცხადა პოროშენკომ.

სატელეფონო საუბარი ორშაბათს, 8 სექტემბერს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან მესამე დღეს შედგა. შეთანხმებას კიევსა და პრორუს ინტერვენტებს შორის ხელი 5 სექტემბერს მოეწერა, თუმცა კიევის განცხადებით, რეჟიმი არამყარია და ის ხშირად ირღვევა ინტერვენტების მხრიდან.

კომენტარები