შიხიაშვილის დანიშვნა

შიხიაშვილი: კახი კალაძესთან მე მაქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება

0 კომენტარი
ირაკლი შიხიაშვილი ფოტო: netgazeti.ge

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ახლადდანიშნული უფროსის ირაკლი შიხიაშვილისთვის დიდი პატივია ის ნდობა, რომელიც პრემიერმა გამოუცხადა. მისი თქმით, ის ვეტერანთა პრობლემებს კარგად იცნობს.

"როგორც ვეტერანისთვის, მართლაც ძალიან დიდი პატივია ის ნდობა, რომელიც გამომიცხადა პრემიერმა და მისმა გუნდმა. ჩემი სურვილი იყო, იმიტომ, რომ კარგად ვიცნობ ვეტერანთა პრობლემებს, რადგან თვითონ ვეტერანი გახლავართ. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ვეტერანი და კარგად ვიცი, რა მდგომარეობაშიც არიან და რა სირთულეებიც არსებობს დღეს მათთვის. მინდა, მივიღო ეს გამოწვევა, რომ პირნათელი ვიყო მათ წინაშე", - თქვა შიხიაშვილმა.

შიხიაშვილი ასევე ამბობს, რომ მას ვიცეპრემიერ კახა კალაძესთან კარგი დამოკიდებულება აქვს.

"კახი კალაძესთან მე მაქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება და, შესაბამისად, ზოგიერთ მავანს ალბათ უფრო მეტად აწყობდა, რომ ეს დაპირისპირება წარმოეჩინა, თითქოსდა რეალობაა. ვადასტურებ ერთ რამეს, რომ ანალოგიურ რამეს ადგილი არ ჰქონია და მასთან ჩვეულებრივად, როგორც სხვა დანარჩენებთან, გუნდის წევრთან, ნორმალური დამოკიდებულება და მუშა პროცესი მექნება", - აღნიშნავს შიხიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად პრემიერმინისტრმა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი ირაკლი შიხიაშვილი დანიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ფერაძე შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი 2013 წლის ნოემბრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს აღარ ექვემდებარება და დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად მუშაობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები