პედაგოგთა ხელფასები

პრემიერი პედაგოგებს: 2015 წლიდან დაიწყება თქვენი ხელფასების გაზრდა

IRAKLI GARIBASHVILI OFFICIAL/FACEBOOK.COM

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, 2015 წლიდან მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა, რომელმაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულ ინტეგრაციას ხელი უნდა შეუწყოს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე - “მასწავლებელთა მომზადება, პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა” განაცხადა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის ანაზღაურების გაზრდა მთლიანად დამოკიდებული იქნება მათ მიღწევებზე და ეს თავად პედაგოგებს გაუზრდის მოტივაციას.

"მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ მასწავლებლობა გახდეს მიმზიდველი და დაფასებული პროფესია. მასწავლებლის მოტივაციის გაზრდა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვართ მზად ამ ინიციატივის ფინანსური ხელშეწყობისთვის. 2012-2013 წლებში, იმ ფარგლებში, რაც შევძელით, ჩვენ გავზარდეთ პედაგოგთა ხელფასები. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ეს არის მინიმალური ზრდა, რაც ჩვენ შევძელით არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. და ახლა მინდა გითხრათ, რომ 2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება და თქვენი ხელფასების გაზრდა. ნოემბერში გვეცოდინება კონკრეტულად, დამატებითი ინვესტიციების ზუსტი მოცულობა და მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015-2016-2017 წლებში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები