ფარმაცევტული ბაზარი

სერგეენკო: რეცეპტის შავი ბაზრის რისკი გარკვეული დოზით მოსალოდნელი იყო

REUTERS

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მეორე ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტით გაცემის შემოღების გამო, შავი ბაზრის რისკი მოსალოდნელი იყო. დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა და ავერსის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთეს რეცეპტის შავი ბაზრის არსებობის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, იმაზე, რომ აფთიაქებში მომხმარებელს ნებისმიერ რეცეპტს აძლევენ, რომელიც მხოლოდ ამ კონკრეტულ აფთიაქში მოქმედებს. კომპანიის წარმომადგენელი კანონის დარღვევას არ ადასტურებს, ხოლო სერგეენკოს თქმით, რეცეპტის შავი ბაზრის რისკი მცირე დოზით მოსალოდნელი იყო.

"დღევანდელ შეხვედრაზე შავ ბაზარზე და არალეგალურ გაყიდვებზე საუბარი არ ყოფილა ცალსახად, რაც შეეხება ზოგადად ამ რისკს, ეს რისკი, რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით მოსალოდნელი იყო, მცირე დოზით, მაგრამ ჩვენ გვქონდა გადაწყვეტილება მისაღები, რომ ის გამოწვევები, რატომაც განხორციელდა ეს ცვლილება კანონში - სააფთიაქო ნარკომანია, უხარისხო მკურნალობა და თვითმკურნალობით მიღებული ზიანები, გადაწონიდა თუ შავი ბაზრის გავრცელების რისკი. სახელმწიფოს მოვალეობაა ზრუნვა შავი ბაზრისგან დაცვაზე და ამას, ახლაც და მომავალშიც განვახორციელებთ", - უპასუხა შავი ბაზრის რისკის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტების კითხვას დღეს, 9 სექტემბერს. შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრი პრეპარატების რეცეპტით გაცემის გამო წამლების გაძვირების, შავი ბაზრის გაჩენისა და კორუფციის რისკებს ვერ ხედავდა.

რეცეპტის შავი ბაზრის არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დღესვე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, "სააფთიაქო ექიმის" გაჩენამ სერგეენკოს "რეფორმა" თავდაყირა დააყენა. ჭიაბერაშვილის განცხადებას არ ეთანხმება დავით სერგეენკო და აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა, საპარლამენტო უმცირესობას გასულ წელს კანონის განხილვაში მიეღო მონაწილეობა.

კომენტარები