კრიმინალი

შსს: ორბეთის მცხოვრებლების განცხადებაზე პოლიციამ რეაგირება მოახდინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებაში სოფელ ორბეთის მცხოვრებლების განცხადება მართლაც შევიდა და პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთში კრიმინალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მფარველობს. როგორც კუბლაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, ორბეთში მოსახლეობამ შეაგროვა 144 ხელმოწერა. კუბლაშვილის ინფორმაციით, ისინი პოლიციისგან ითხოვენ, დაიცვან მეზობელ სოფელში მცხოვრები ძმები ბექაურებისგან, რომლებმაც მათი მტკიცებით, სოფლის მკვიდრი მიხეილ წიკლაური მოკლეს.

"რაც შეეხება მკვლელობის ფაქტს - საქმე გახსნილია. იმ ადამიანს, რომელმაც წიკლაურს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და მიიმალა, ბრალი მკვლელობის მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, მასზე ძებნა გამოცხადდა და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე ძმას, მას ბრალი ცემის მუხლით წარედგინა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნიდან გაუსვლელობა შეუფარდა", - უთხრეს ტაბულას შსს-ში.

კომენტარები