ფარმაცევტული ბაზარი

ენმ: რეცეპტის რეფორმაზე საზოგადოების რეაქციამ სერგეენკო აიძულა, უკან დაეხია

0 კომენტარი

"ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ რეცეპტით გასაცემი სიის გაფართოება მოუმზადებლად და არაკვალიფიციურად მოხდა", - ეს განცხადება ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ ამ გაუაზრებელ რეფორმაზე საზოგადოების მწვავე რეაქციამ ჯანდაცვის მინისტრი აიძულა, უკან დაეხია. ჭიაბერაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა დაელოდება დავით სერგეენკოს მიერ დადებული პირობის კონკრეტულ შედეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ ურეცეპტოდ გასაცემი წამლების სია გაიზრდება, თუმცა, მისი თქმით, გადაწყვეტილებები სწრაფად არის მისაღები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჯანდაცვის მინისტრს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისა და სოციალურად დაუცველების წამლების დასაფინანსებლად პროგრამის ამოქმედებასაც სთხოვს.

"დიდი ხნის განმავლობაში ვაფრთხილებდით მინისტრ სერგეენკოს, რომ რეცეპტის სისტემის ასე გაუაზრებლად გაფართოება თვითმკურნალობისა და მედიკამენტების უკონტროლო მოხმარების მაჩვენებელს ვერ შეამცირებდა. საზოგადოების მწვავე რეაქციამ ამ გაუაზრებელ რეფორმაზე ჯანდაცვის მინისტრი აიძულა, უკან დაეხია. ჩვენ დაველოდებით მინისტრ სერგეენკოს მიერ გუშინ დადებული პირობის კონკრეტულ შედეგებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილებები სწრაფადაა მისაღები. უამრავ პენსიონერს, სოციალურად დაუცველს, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანს უკვე შეექმნა სერიოზული პრობლემები. რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიის გადახედვის გარდა, ჩვენ კიდევ ერთი წინადადებით მივმართეთ ჯანდაცვის მინისტრს. კერძოდ, იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო რეცეპტით გასაცემთა სიაში დატოვებს, სამინისტრომ უნდა აამოქმედოს პროგრამა, რომლითაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსა და სოციალურად დაუცველებს სრულად დაუფინანსებს მოხმარებული მედიკამენტების ხარჯს", -  განაცხადა ჭიაბერაშვილმა და აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც რეცეპტის სისტემა არსებობს, რეცეპტით ადამიანები მედიკამენტებს უფასოდ ან მნიშვნელოვანი შეღავათებით იღებენ.
 
"თუ მინისტრი სერგეენკო რეცეპტის სისტემას აფართოებდა, მაშინ მედიკამენტების საფასურის გადახდაში მოსახლეობას სახელმწიფო უნდა დახმარებოდა. საყოველთაო ჯანდაცვა მედიკამენტებს საერთოდ არ აფინანსებს. ამ ცვლილების გარეშე “რეცეპტის რეფორმაც”, თუნდაც შემცირდეს ჩამონათვალი, ისეთივე დამანგრეველი აღმოჩნდება ჯანდაცვის სისტემისათვის, როგორც ეს საყოველთაო ჯანდაცვა აღმოჩნდა", - თქვა ენმ-ის წევრმა.
 

ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სია შესაძლოა გაიზარდოს. აღნიშნულზე ჯანდაცვის მინისტრი და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. მედიკამენტების სია სამინისტროში გუშინვე გადაიგზავნა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რამდენ და რომელ მედიკამენტზეა საუბარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები