შს მინისტრის ინტერვიუ

პეტრიაშვილი: ლექსო ჭიკაიძეს, როგორც ჩანს, აქვს ამ ვარაუდის საფუძველი

eu-integration.gov.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ”ჩემს კოლეგას, ლექსო ჭიკაიძეს, როგორც ჩანს, აქვს ამის საფუძველი და ინფორმაცია, რომ ჰქონდეს ასეთი ვარაუდის საფუძველი“. პეტრიაშვილი ჭიკაიძის ალიასთან ინტერვიუს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას გეგმავს.

„მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ შეძლებს ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, ვინაიდან გამართულად მუშაობს ყველა ინსტიტუცია”, - განაცხადა პეტრიაშვილმა და მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობასა და მის ხელმძღვანელობას, რადგან ”ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური კრიმინოგენური ვითარება”.

ალექსი პეტრიაშვილმა კომენტარი გააკეთა ე.წ. პოლიციის რეიდებზეც.

”ეს არ არის რეიდები, ეს არის საპოლიციო კონტროლი, რომელსაც მხოლოდ მივესალმები, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის სრული უზრუნველყოფით, მაგრამ საპოლიციო კონტროლის გამკაცრებას და ჩვენი პოლიციელების, პატრულის მხრიდან უსაფრთხოების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს ორი ხელით ვუჭერ მხარს”, - აღნიშნა მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა გაუარესებული კრიმინოგენური ვითარება, ალექსი პეტრიაშვილმა მაგალითად ალაბამაში გარდაცვლილი ხუთი ბავშვი და დიდ ბრიტანეთში ნაპოვნი 82 წლის გარდაცვლილი ქალი მოიყვანა და აღნიშნა - ”ეს არ ნიშნავს ზოგადად, რომ კრიმინოგენური სიტუაცია გაუარესდა”.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები". მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები გასცა. 

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციის მცდელობაში რამდენიმე თვის წინაც დაადანაშაულა. როგორც 7 აპრილს, ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ პრაიმტაიმნიუსთან განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება". მაშინ ჭიკაიძე იმასაც ამტკიცებდა, რომ "იგეგმება ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებმაც, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება".

აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შს მინისტრი პარლამენტში დაიბარა, თუმცა, ის დეპუტატებთან შეხვედრაზე არ მივიდა. 25 ივლისს კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ”ზოგადად, ძალიან კარგი პრევენციული ინტერვიუ იყო. საკმარისი მტკიცებულებები მქონდა მე. მყავს მეგობრები, რომლებიც თქვენთანაც მეგობრობენ და ბევრი რაღაცა დაფარული, დახურული არ რჩება. ესაა ჩემი პასუხი”.

კომენტარები