საქართველო-ავსტრიის ურთიერთობა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძეს და ღარიბაშვილს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი იმყოფება. ავსტრიელმა დიპლომატმა დღეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი შეამკო. პირველი ორმხრივი შეხვედრა კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან გამართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათი საუბარი ორმხრივ თანამშრომლობას შეეხებოდა. მაია ფანჯიკიძის თქმით, მან სებასტიან კურცს საქართველოში ავსტრიის საელჩოს რაც შეიძლება მალე გახსნა სთხოვა.

"ჩვენ საქართველოში ძალიან დიდი ბიზნესდელეგაციით ჩამოვედით, რადგან ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გასაღრმავებლად. ჩვენ შევეხეთ ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე ევროკავშირთან დაახლოების საკითხს. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ავსტრიის განვითარების სააგენტო საქართველოში საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის", - განაცხადა სებასტიან კურცმა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ 2014 წლის ნოემბერში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება. 

სებასტიან კურცი დღესვე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, ასევე ენერგეტიკის მინისტრს.

კომენტარები