შს მინისტრის ინტერვიუ

ზურაბიშვილი ჭიკაიძის გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს არ არის შეთქმულება

დავით ზურაბიშვილი
commersant.ge

თბილისის საკრებულოს დეპუტატის დავით ზურაბიშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ის წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკრეტული დავალებები მისცა, შეთქმულება არ არის. როგორც ზურაბიშვილი Facebook-ში წერს, "ამაში არ არის არაფერი უკანონო. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ პოლიტიკური მეთოდებით და არა პოლიციით და უშიშროებით".

"შსს მინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს კონკრეტული დავალებები მისცა, რათა შეიქმნას კარგად ორგანიზებული მობილური ჯგუფები, რომლებმაც "უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის, პოლიციის თვალწინ შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები სხვადასხვა თემის მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა; გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვის პროვიცირება, შექმნან ქაოსური ვითარება. მათი მიზანია, შექმნან ნეგატიური ფონი, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში". ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ეს ასე იყოს. უფრო მეტიც, რამდენადაც მე ნაცმოძრაობის ლიდერებს ვიცნობ, ასეთი პროვოკაციული და არცთუ კეთილშობილური ქმედებები მათ სტილში ორგანულად ჯდება, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ეს არ არის შეთქმულება. ამაში არ არის არაფერი უკანონო. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ პოლიტიკური მეთოდებით და არა პოლიციით და უშიშროებით", - აცხადებს ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ ფერების გამუქება, ნაკლოვანებების გაბერვა და ბუზის სპილოდ გადაქცევა სწორედ ეს არის.

"შესაძლოა, არ მოგვეწონოს, მაგრამ არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. პოლიციის საქმეა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კრიმინალთან ბრძოლა. პოლიციის საქმე არ არის იმის გარკვევა, შეგნებულად ამუქებს ვინმე სიტუაციას თუ არა. ცოტა უხერხულიც კი მგონია ასეთ ელემენტარულ რაღაცეებზე ლაპარაკი, მაგრამ როგორც ჩანს, საჭიროა. და საჭიროა იმიტომ, რომ როდესაც ხდება პოლიტიკური ბრძოლის თანდაც მწვავე და პროვოკაციული ფორმების გამოცხადება შეთქმულებად და კრიმინალად, ამის გარდუვალი შედეგი არის სწორედ ის, რასაც ჰქვია "ნეგატიური ფონი, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში", - წერს საკრებულოს წევრი Facebook-ში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები". მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები გასცა. 

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციის მცდელობაში რამდენიმე თვის წინაც დაადანაშაულა. როგორც 7 აპრილს, ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ პრაიმტაიმნიუსთან განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება". მაშინ ჭიკაიძე იმასაც ამტკიცებდა, რომ "იგეგმება ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებმაც, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება".

აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შს მინისტრი პარლამენტში დაიბარა, თუმცა, ის დეპუტატებთან შეხვედრაზე არ მივიდა. 25 ივლისს კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ”ზოგადად, ძალიან კარგი პრევენციული ინტერვიუ იყო. საკმარისი მტკიცებულებები მქონდა მე. მყავს მეგობრები, რომლებიც თქვენთანაც მეგობრობენ და ბევრი რაღაცა დაფარული, დახურული არ რჩება. ესაა ჩემი პასუხი”.

კომენტარები