რელიგიური დისკრიმინაცია

მალხაზ სონღულაშვილი: მუსლიმთა და ქრისტიანთა შერიგებას ალტერნატივა არ აქვს

0 კომენტარი
მალხაზ სონღულაშვილი ფოტო: ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, თეოლოგიის დოქტორი, მალხაზ სონღულაშვილი ქობულეთში მუსლიმური თემის მიმართ შეუწყნარებლობის გამოვლინებას ეხმაურება და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას გმობს. ეპისკოპოსის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

მუსლიმთა და ქრისტიანთა შერიგებას ალტერნატივა არ აქვს

ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელით ჩადენილ სხვა დანაშაულთა ნუსხას 10 სექტემბერს კიდევ ერთი დანაშაული დაემატა. ნიგვზიანის, ციხისძირის, სამთაწყაროსა და ჭელის ისლამოფობიურ გამოხტომებს ახლა ქობულეთის ამბავიც მოესართა.

როდემდე უნდა გრძელდებოდეს ასეთი თავდასხმები ჩვენი ქვეყნის მუსლიმ მოქალაქეებზე? როდემდე უნდა იტანდნენ ქართველი მუსლიმები ამდენ დამცირებასა და შეურაცხყოფას? როდემდე უნდა ვისარგებლოთ ბოროტად მათი მპატიებლობითა და მოთმინებით?

ანდა როგორ ჰგონიათ იმ ღორის დამკვლელ ვაიქრისტიანებს, ვის მხარეზეა ახლა მათი უფალი ქრისტე – იმათი, ვინც ადამიანის ღირსება შეურაცხყო, თუ იმათ მხარეზე, რომელმაც მოთმინებით აიტანა ეს დამამცირებელი საქციელი? ქრისტე იმათ მხარეზეა, ვინც ქრისტეს სახელით მუსლიმებს სარწმუნოებას ულანძღავს, თუ იმათ მხარესაა, ვინც უკვე მერამდენედ ჩაწიხლეს და შეაფურთხეს? არავის შეეშალოს: უფალი ყოველთვის უსამართლოდ დამცირებულისა და შეურაცხყოფილის მხარესაა, ოღონდ იგი ელის, რომ მჩაგვრელი და შეურაცხმყოფელი შეიცვლის თავის აზრს და პატიებას ითხოვს მისი მსხვერპლისაგან. დროა, ყველანი მივხვდეთ, როდესაც ჩვენში თუნდაც ერთი ადამიანის ღირსებას ხელყოფენ, ამით ყველა ჩვენგანს ამცირებენ.

ამიტომ დღეს თითოეული ჩვენგანი დამცირებული მუსლიმების მხარეზე უნდა დავდგეთ და ყველაფერი გავაკეთოთ მათი ღირსების დასაცავად.

მანამდე ყველამ ბოდიში უნდა ვუთხრათ და პატიება ვთხოვოთ ჩვენს მუსლიმ დებსა და ძმებს ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან მათ არ იციან რა ჩაიდინეს ამით.
ქობულეთის ამბავს ორნაირი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს: შეიძლება ვინმეს რამე პასუხისმგებლობა აკისრებინონ სრულებით უმნიშვნელო, ან შეიძლება საერთოდ ისე ჩაიფარცხოს ეს ამბავი, არავის მოჰკითხონ პასუხი.

თუმცა არის კიდევ ერთი შესაძლებლობა: ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, განსაკუთრებით უმეტესობის რელიგიის წინამძღოლებმა, ერმა და ბერმა, ყველამ დავგმოთ რელიგიური ძალადობა, დისკრიმინაცია ქრისტიანობის სახელით და დავიწყოთ საყოველთაო ნაციონალური შერიგების პროცესი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაცულად აგრძნობინებს თავს. სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ ყოველთვის მოგვიწევს კიდევ ერთი, მორიგი გულისამრევი რელიგიური დისკრიმინაციის მოლოდინში ცხოვრება", - ნათქვამია სონღულაშვილის წერილში.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები