ირაკლი სესიაშვილის განცხადება

სესიაშვილი ბილდტსა და სააკაშვილს შორის გარიგებაზე საუბრობს

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტს შორის გარიგებებზე საუბრობს. მისი თქმით, უკვე გასაჯაროვდა დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ კარლ ბილდტთან დაკავშირებული კომპანია KREAB-ის საკონსულტაციო მომსახურებაში 2006-2007 წლებში მთავრობას გადახდილი აქვს 4 500 000 ლარზე მეტი.

სესიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და კარლ ბილდტის საეჭვო კავშირებზე მიუთითებს საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩის ჰანს გუნარ ადენის ინტერვიუც, რომელიც შვედურ მედიაში დაიბეჭდა. ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ინტერვიუში ელჩი აცხადებს, რომ საქართველოდან მას შემდეგ გაიწვიეს, რაც მან არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა მოამზადა.

"შვედურმა მედიამ გაავრცელა საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩის განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი ვადაზე ადრე გაწვევა თბილისიდან, კარლ ბილდტის უკმაყოფილებით იყო გამოწვეული. კერძოდ, ელჩის განმარტებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ მან უწყებას მიაწოდა დასკვნა საქართველოში 2008 წელს არჩევნების არც თუ დემოკრატიულად ჩატარების შესახებ. ელჩის კრიტიკული დასკვნა კი ეწინააღდმეგებოდა კარლ ბილდტის განცხადებებს, საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შესახებ, რაც მისი გაწვევის მიზეზი გახდა", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები